10 სექტემბრიდან პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების სისტემა ამოქმედდება

© Sputnik / Alexander Imedashviliპეკინის გამზირი
პეკინის გამზირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქალაქეებმა, რომელთაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურთ, პირველ რიგში უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანონ.

თბილისი, 9 სექტემბერი – Sputnik. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა, რომელიც მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან საბურთალოს რაიონში ამოქმედდება, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს მოიცავს, ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო
თბილისში პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები იზრდება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდა. პარკირების ახალი მოდელი თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ფორმირების ფარგლებში შემუშავდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე საპილოტო ვერსიამ გაამართლა, ამიტომაც გადაწყდა მისი გაფართოება და დანერგვა საბურთალოს რაიონშიც.

პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდება შემდეგ ქუჩებზე: ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირზე სრულად, მიცკევიჩის, ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩებზე (გამრეკელის ქუჩის კვეთამდე), ასევე ყაზბეგის გამზირზე – კარტოზიას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (პეკინის გამზირიდან ასათიანის ქუჩის კვეთამდე).

ზონალურ-საათობრივი პარკირება უფასო იქნება შშმ პირებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის, ასევე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელებისთვის. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რაიონში დროებით, გავლით იმყოფება, პარკირების ღირებულება საათში 1 ლარი იქნება.

რაც შეეხება პარკირების ადგილებს, საბურთალოს რაიონში სულ განსაზღვრულია ზონალურ-საათობრივი პარკირების 1 039 ადგილი: ყაზბეგის გამზირი - 371 ადგილი; პეკინის გამზირი - 209 ადგილი; ვაჟა-ფშაველას გამზირი - 305 ადგილი; ბახტრიონის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 52 ადგილი; სულხან ცინცაძის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 31 ადგილი; ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან გამრეკელის ქუჩამდე - 71 ადგილი.

ვისაც ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამით სარგებლობა სურს, პირველ რიგში უნდა გაიაროს რეგისტრაცია და ბაზაში საკუთარი ავტომობილის მონაცემები შეიტანოს. 

ფასიანი პარკინგი - Sputnik საქართველო
თბილისის რომელ ქუჩებზე იმოქმედებს ზონალურ-საათობრივი პარკირება

ფიზიკურ პირს, რომელიც ზონალური პარკირების არეალში უძრავ ქონებას ფლობს, შეუძლია მის მიერ წინასწარ მითითებული სატრანსპორტო საშუალება საცხოვრებელი სახლიდან 100 მეტრის რადიუსში უფასოდ გააჩეროს. უძრავი ქონების მესაკუთრე ინტერნეტით შეძლებს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე ორი სატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრიროს.

მუნიციპალური პავილიონების პარალელურად ფასიანი პარკირების ადგილებში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ თანამშრომლები ავტომობილების მფლობელებს საათობრივი პარკირების საფასურის გადახდაში, ასევე უფასო პარკირებით სარგებლობაში, აპლიკაციის ჩამოტვირთვაში, რეგისტრაციასა და პარკირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარებაში დახმარებას გაუწევენ.

დღე-ღამის განმავლობაში ზონალური პარკირების ოთხ სხვადასხვა ადგილზე სატრანსპორტო საშუალების პარკირებისას პირველი 15 წუთი უფასოა. ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა სხვადასხვა საშუალების გამოყენებით არის შესაძლებელი: ვებ-გვერდი www.tp.ge, მობილური აპლიკაცია - TBILISI PARKING და სწრაფი გადახდის აპარატები (Pay Box).

ყველა ახალი ამბავი
0