თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტრო შემცირებული გრაფიკით – 06:00-დან 23:00 საათამდე 2020 წლის 21 სექტემბრამდე იმუშავებს.
თბილისის მერიის განცხადებით, ენერგოუსაფრთხოებისა და ვენტილაციის სისტემების რემონტის დროულ დასრულებას ხელი კორონავირუსის პანდემიამ შეუშალა. მასშტაბური სამუშაოები 2019 წლის 1 ივლისს დაიწყო და ზუსტად ერთ წელიწადში უნდა დასრულებულიყო. შემცირებული გრაფიკის დაწესებამდე მეტრო მგზავრებს 06:00 საათიდან შუაღამემდე ემსახურებოდა.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონტრაქტორმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გახანგრძლივება მოითხოვა. მეტროს ძალოვანი კაბელებისა და გამნიავებელი სისტემების დროული შეცვლის მიზნით თბილისის „მეტროპოლიტენის" სამუშაო გრაფიკი კვლავ 06:00-დან 23:00 საათამდე 21 სექტემბრამდე შენარჩუნდება", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
სარემონტო სამუშაოებზე სულ დაახლოებით 100 მლნ ლარი დაიხარჯება. აღდგენითი სამუშაოების დროს გამოიცვლება 450 კილომეტრი საერთო სიგრძის ძალოვანი კაბელები და 32 ვენტილატორი.
როდემდე იმუშავებს მეტრო შემცირებული გრაფიკით, ანუ როდის დასრულდება რემონტი>>
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ, მეორე - 17 კმ).