09:34 13 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1900
  • 100 RUB4.5362
  • USD2.8661
კახა კალაძე

თბილისის  ავტოპარკი 54 ახალი ავტობუსით შეივსო

Courtesy of Tbilisi City Hall
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
თბილისის მერია (132)
53 0 0

ახალი ავტობუსები euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის ძრავზე მუშაობს და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებულია

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე თბილისის მოსახლეობას ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი და MAN-ის მარკის ათმეტრიანი ავტობუსები წარუდგინა. 

ავტობუსების უმრავლესობა დედაქალაქის გარეუბნებში მცხოვრებლებს მოემსახურება და შემოერთებულ სოფლებს ქალაქის ცენტრალურ რაიონებთან დააკავშირებს. 54 ახალი ავტობუსიდან 38 ავტობუსი ISUZU-ს,  16 კი  MAN-ის მარკისაა.

„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე მოწესრიგებული, გამართული, ეფექტური და სწრაფი დედაქალაქში. ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ჩვენი პოლიტიკა მიმართული იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ მოთხოვნა ავტობუსებზე, მეტროზე“, - განაცხადა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების წარდგენისას.

ავტოპარკის განახლების მიზნით 2019 წელს დედაქალაქის მერიამ 90 ერთეული ათმეტრიანი MAN-ის ტიპის და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის რვამეტრიანი ავტობუსი შეიძინა.

გაზაფხულზე თბილისში MAN-ის მარკის 50 ერთეული ავტობუსი შემოიყვანეს. რაც შეეხება ISUZU-ს მარკის ავტობუსებს, პირველ ეტაპზე ოქტომბერში 60 ერთეული შემოიყვანეს.

როგორც MAN-ის, ისე ISUZU-ს მარკის ავტობუსები euro 6 ემისიის სტანდარტის დიზელის საწვავზე მუშაობენ, ადაპტირებული არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ავტობუსებში არის WiFi-ს ქსელი, ასევე გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემები. ავტობუსის სალონებში დამონტაჟებულია ვიდეოკამერები და USB-დამტენები.

ამჟამად თბილისში ყოველდღიურად 600-650 მუნიციპალური ავტობუსი მოძრაობს. მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქალაქის ხელისუფლება ამორტიზებული მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანად გამოცვლას გეგმავს, ხოლო 2020 წელს ახალი ავტობუსების რაოდენობა 900-მდე გაიზრდება.

დღის განმავლობაში თბილისის ავტობუსები საშუალოდ 110 ათას კილომეტრს გადიან და 1,8 ათასზე მეტ გაჩერებაზე ჩერდებიან.

 

თემები:
თბილისის მერია (132)

მთავარი თემები