„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველი გადაიკეტება: ტრანსპორტის გრაფიკი და მიმართულება

© Sputnik / Alex Shlamov„ფორსაჟის“ გადაღება თბილისში
„ფორსაჟის“ გადაღება თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ჰოლივუდური ბლოკბასტერის გადაღებებიდან გამომდინარე, თბილისის ქუჩებში მოძრაობა ეტაპობრივად იკეტება სხვადასხვა მიმართულებით.

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. თბილისში ბლოკბასტერ „ფორსაჟი 9-ის“ ეპიზოდების გადაღებების გამო, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი გადაიკეტება − რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“, იუწყება თბილისის მერია.

მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას 21:00 საათიდან 07:00 საათამდე შეძლებენ. 

ვინ დიზელი - Sputnik საქართველო
„ფორსაჟული“ ცხელება: ყველაზე პოპულარული ქართული ხუმრობები ვინ დიზელის შესახებ

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანთან დასაკავშირებლად  კერძო ტრანსპორტი გაივლის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩისკენ აუხვევს.

ბარათაშვილის ქუჩიდან ფილარმონიისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩის, ასევე თაბუკაშვილის ქუჩის გავლითაც. 

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები N6, N14, N31, N33, N37, N42, N46, N52, N58, N87, N88, N124 და N150, ასევე, მიკროავტობუსები N2, N19, N31, N41, N64, N72, N120, N133, 137, N141, N145 და N170 რუსთაველის გამზირიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე ჩაუხვევენ, საიდანაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებითაც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჯავახიშვილის ქუჩით იმოძრავებენ. 

ფორსაჟი 9–ის გადაღებები თბილისში - Sputnik საქართველო
ვითვლით პლუსებს: რა შემოსავალს მოუტანს „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები საქართველოს?

ავტობუსები N20 და N23, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით გია ჭანტურიას ქუჩისა და ზაარბრიუკენის მოედნისკენ მოძრაობენ, მოტრიალდებიან თავისუფლების მოედანზე, ბარათაშვილის ხიდით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გადავლენ, რის შემდეგაც გაივლიან ხეთაგუროვის ქუჩას და ზაარბრიუკენის მოედანს დაუკავშირდებიან.

რაც შეეხება N6, N10, N15, N118, N140 და N149 მიკროავტობუსებს, ბარათაშვილის ქუჩიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუხვევენ, ჭანტურიას ქუჩის გავლით ათონელის ქუჩას დაუკავშირდებიან და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.  

თბილისში ჰოლივუდური ბლოკბასტერის "ფორსაჟი 9" გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო. „ფორსაჟი 9-ის“ გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, აქედან 425 ადგილობრივი პერსონალია. საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს. ფილმის გადაღებები პარალელურად მიმდინარეობს აშშ-ში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. კონტრაქტის სხვა დეტალები, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და Universal Pictures−ს შორისაა გაფორმებული, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. საქართველოში პირველი ჰოლივუდური ფილმის გადაღება 20 სექტემბერს დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0