კალაძემ ხმაურიან ღამის დაწესებულებებს თბილისში ომი გამოუცხადა

გამოწერა
თბილისის მერია ბარებსა და რესტორნებში მუსიკის ხმის დონეს გააკონტროლებს

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ საქალაქო სამსახურების თანამშრომლებს დაავალა მკაცრად გააკონტროლონ სხვადასხვა დაწესებულებებში ხმაურის შესახებ კანონის დაცვა, ამის შესახებ კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისში ღამით ხმაური, პეტარდებისა და ფეიერვერკების გაშვება აიკრძალა >>

2017 წელს ძალაში შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციულ დარღვევათა კოდექსში, რომელთა თანახმად იკრძალება ხმაური ღამის საათებში - 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. რეგულაციის თანახმად, რესტორნებში, ბარებში, კაფეებში და სავაჭრო ობიექტებში დღისა და ღამის განმავლობაში ხმაურის მაქსიმალური ნორმა 55 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.

„თბილისში ეს რეგულაცია დაცული არ არის. ტურისტულ არეალებში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო - ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და დარეგულირდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

მერის თქმით, მიუღებელია, როდესაც კაფეებს, ბარებსა თუ რესტორნებს დინამიკები გარეთ გამოაქვთ, ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას და სრულ ქაოსს ქმნიან.

ფეიერვერკი - Sputnik საქართველო
ვინ გააკონტროლებს ღამის საათებში ხმაურს ბათუმში

კალაძის თქმით, Google-ის რუკებზე უკვე ჩნდება წითელი მანიშნებლები, რომლებიც მიუთითებენ იმას, რომ ტურისტებს ამ ადგილებში დარჩენას არ ურჩევენ.

„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ინვესტიციები განახორციელა, სასტუმროები ააშენა, ხალხი ჰყავს დასაქმებული, იმის გამო, რომ ვიღაცას გამოდგმული აქვს დინამიკები და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაღალ ხმაზე მოასმენინებს ხალხს მუსიკას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კანონი პირველ ჯერზე გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორებით შემთხვევებში კი დაწესებულია ფულადი ჯარიმა — 150 ლარი ფიზიკური პირისთვის, და 500 ლარი იურიდიული პირისთვის. ყოველ მომდევნო შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

გარდა ამისა, ღამის საათებში აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება დღესასწაულების გარდა - ახალი წელი, ძველით ახალი წელი, 9 აპრილი და დამოუკიდებლობის დღე.

ყველა ახალი ამბავი
0