თბილისი, 30 ივნისი — Sputnik. თბილისის ისტორიულ ცენტრში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში მუშებმა ერთ–ერთი სახლის სარდაფში სხვადასხვა ზომის უძველესი ქვევრები აღმოაჩინეს.
ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტის — „ახალი ტფილისი" ფარგლებში ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
ბ. ახოსპირელის N4-ში სარდაფში სხვადასხვა ზომის ქვევრში ნაპოვნი იქნა კერამიკული ნაწარმი — დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა… ნივთები, სავარაუდოდ, XVII-XVIII საუკუნეებისაა, ნათქვამია თბილისის განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.