თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამჟამად არსებულ გაზქურებს ელექტროქურები ჩაანაცვლებს, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის 32 საჯარო ბაგა-ბაღის სამზარეულო ბლოკებში ახალი ტექნიკა ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში შევა. სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენ ბაგა-ბაღებში ელექტროქურები უკვე დამონტაჟებულია.
სამზარეულო ტექნიკა ბაღების მართვის სააგენტომ თბილისის გაზმომარაგების კომპანია „ყაზტრანსგაზის“ რეკომენდაციის საფუძველზე შეიძინა.
„კომპანიის ექსპერტებმა სამზარაულო ბლოკები, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიმართვის შემდეგ, ყველა იმ ბაგა-ბაღში შეისწავლეს, სადაც გაზქურებით სარგებლობდნენ“, — ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, ბავშვთა უსაფრთხოება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრიორიტეტია და ამ კუთხით, საჯარო ბაგა-ბაღებში არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.
ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, თბილისის საბავშვო ბაღების შენობის ფანჯრებზე უსაფრთხოების ბადეების მონტაჟი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 100-ზე მეტ ბაღში უსაფრთხოების ბადეები უკვე დამონტაჟებულია, ხოლო 58 საბავშვო ბაღში სამუშაოები კვლავ გრძელდება. სამუშაოების დასრულება მაისის ბოლოსთვის იგეგმება.
თბილისში 171 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებმა 61 ათასზე მეტი ბავშვი მიიღეს.