თბილისს ახალი მთავრობა ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერიის შენობა
თბილისის მერიის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ საკუთარი გუნდის წევრებს მოსახლეობის საკეთილდღეოდ ეფექტური და გამჭვირვალე მუშაობისკენ მოუწოდა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულომ თბილისის ახალი მერის, კახა კალაძის მიერ წარდგენილი ქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

კალაძემ, რომელიც მუშაობას 13 ნოემბრიდან შეუდგა, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა თავისი მოადგილეები, საქალაქო სამსახურების უფროსები და რაიონის გამგებლები.

საკრებულოს დეპუტატთა უმრავლესობამ, რომლებიც მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წარმოადგენენ, კალაძის გუნდს მხარი დაუჭირა, მაგრამ ოპოზიციამ კენჭისყრაზე სრული შემადგენლობით უარი განაცხადა. ოპოზიციის გადაწყვეტილება შედეგებზე არანაირად არ აისახა — მმართველ პარტიას საკრებულოში 50-დან 40 ადგილი ეკუთვნის, შესაბამისად, ხმები სრულიად საკმარისი იყო.

„ორშაბათიდან ჩვენ ყველანი ერთად, ერთიანი ძალებით შევუდგებით მუშაობას და თითოეული თბილისელი ძალიან მალე დაინახავს ჩვენი მუშაობის პირველ ხელშესახებ შედეგებს“, — განაცხადა კალაძემ ბრიფინგზე.

მან ცალკე გამგებლებს მიმართა და მათ გუნდური მუშაობისკენ მოუწოდა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძისეული ცვლილებები: ვინ შეინარჩუნა თანამდებობა თბილისში

„მინდა მივმართო გამგებლებს, თქვენ ხართ სწორედ ის რგოლი, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთან და მათ პრობლემებთან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. თქვენი კოორდინირებული მუშაობა საფუძველია იმ კონცეფციის განხორციელება, რომ თბილისი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი“, — განაცხადა კალაძემ.

მერმა საქალაქო სამსახურის უფროსებსაც მიმართა.

„მივმართავ საქალაქო სამსახურის უფროსებს: — თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია, მობილური მუშაობის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი განწყობა იქნება ყველაზე ზუსტი შეფასება თქვენი საქმიანობის, სამსახურების ეფექტურობისა და მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავეთ და იყავით თანამშრომლობისთვის გახსნილები”, — განაცხადა კახა კალაძემ.

ყანწი - Sputnik საქართველო
თამადა მერიაში: თბილისში კანდიდატების მთელი სია წარადგინეს

ვინ შევიდა თბილისის მთავრობაში

კალაძის მოადგილეების პოსტები დაიკავეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მაია ბითაძემ, ენერგეტიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ, რომელიც პირველი ვიცე-მერი გახდა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბენდელიანმა და გიგა ნიკოლეიშვილმა, რომელიც დავით ნარმანიას დროს თბილისის მერის მოადგილე იყო.

იურიდიული საქალაქო სამსახური სერგო ბირკაძეს ჩააბარეს, საფინანსო საქალაქო სამსახური — გაიოზ თალაკვაძეს, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური —  გიორგი ბაგრატიონს, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური — გელა ჩივიაშვილს.

კულტურის საქალაქო სამსახური სოფიო ხუნწარიას დაქვემდებარებაში გადავიდა, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს ირაკლი გვილავა უხელმძღვანელებს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს — მამუკა მუმლაძე.

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გიგა გიგაშვილმა ჩაიბარა, შესყიდვების საქალაქო სამსახური — გიორგი პაპავამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური — გივი კუბლაშვილმა.

უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს ნიკოლოზ ჭონქაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურს — ანდრია ბასილაია.

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ვლადიმერ ჭიღლაძე გახდა.

დედაქალაქის რაიონულ გამგეობებს უხელმძღვანელებენ:

საბურთალოს რაიონი — გაიოზ ვასაძე

ვაკის რაიონი — ნოდარ ტურძელაძე

ჩუღურეთის რაიონი — ზურაბ  ჩიკვილაძე

დიდუბის რაიონი — ირმა ზავრადაშვილი

ნაძალადევის რაიონი — ირაკლი ხელაძე

გლდანის რაიონი — ბექა მიქაუტაძე

კრწანისის რაიონი — ლევან ჯაფარიძე

მთაწმინდის რაიონი — დავით კირკიტაძე 

ისნის რაიონი — კახა ლაბუჩიძე

სამგორის რაიონი — დავით კერესელიძე

საქართველოს 64 ქალაქისა და რაიონის მერების არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. არჩევნების მეორე ტურის ჩატარება მხოლოდ რამდენიმე მათგანში გახდა საჭირო. პრაქტიკულად ყველგან „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.


ყველა ახალი ამბავი
0