07:49 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შენახვის პოლიგონი

ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

© cortecy by Solid Waste Management Company of Georgia
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
34 0 0

თანამედროვე სტანდარტების ქარხნის აშენების მემორანდუმი თბილისის მერიაში გაფორმდა

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შესახებ მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას" დირექტორმა, ვაჟა სამადბეგიშვილმა უკვე მოაწერეს.

უწყების ცნობით, 2016 წელს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერიის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებული კომპანია „კა დე ვე ჯორჯია" გახდა.

„პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირება-რეციკლირებას (პოლიმერები, ცელულოზა, ტექსტილი, შუშა, მეტალი, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვინილი და სხვა) და გადამუშავებას თანამედროვე, ნოუ-ჰაუ KDV ტექნოლოგიით — დახურულ უჟანგბადო სივრცეში. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, დამუშავების ასეთი წესი გარემოს არ აზიანებს", — ნათქვამია განცხადებაში.

ტექნოლოგიური ციკლის ბოლოს, ნარჩენების გადამუშავების გერმანული KDV ტექნოლოგიის მეშვეობით ორი ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი მიიღება: ევრო-5 სტანდარტის სინთეტიკური დიზელი და ბიტუმი (ასფალტის წარმოებისთვის), აცხადებენ მერიაში.

კომპანია „კა დე ვე ჯორჯია" მისი ძირითადი პროდუქტების — დიზელისა და პოლიმერების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს, ხოლო სხვა პროდუქტების, როგორებიცაა მაგალითად, ბიტუმი და მეტალის ჯართი- ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს.

ნაგავსაყრელების საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში ერთ–ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში – დაკეტილია.

გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ნორმების დარღვევით მოხდა და ის წყალსაცავთან ახლოსაა, რაც საფრთხეს ქმნის. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, იქ არსებობს ნიადაგის, სასმელი წყლის, სასოფლო დანიშნულების მიწებისა და ქარის გამო – ჰაერის დაბინძურების საფრთხეები.

ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია, სადაც მათი სახლებიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანას მოითხოვდა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ადრე პირობა დადო, რომ თბილისში ახალ, გარემოსთვის უსაფრთხო ნაგავსაყრელს ააშენებდა.

შაბათს ტელეკომპანია „იმედმა" (Imedi) გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ლილოში მდინარე ლოჭინი გაწითლდა. მდინარის წყლის აღებულ სინჯებს უკვე იკვლევს შესაბამისი სამსახური. თუმცა, წინასწარი დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარემოს დაბინძურებას თბილისის ნაგავსაყრელი იწვევს. ამ მდინარეში კი ზაფხულში ბავშვები ბანაობენ.

მთავარი თემები