21:37 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
გველი

გველების შემოსევა: დასახელდა თბილისის ყველაზე საშიში უბანი

© Sputnik/ Mikhail Voskresensky
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
265340

ბოლო ორი თვის განმავლობაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი გველი დაიჭირეს.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. სიცხის დადგომასთან ერთად თბილისში გველები გამოჩნდა, ყველაზე ხშირად მათ ე.წ. აფრიკის დასახლებაში ამჩნევენ, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ფხალაძემ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სპეციალისტებმა ქალაქის გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის სხვადასხვა უბნების გველების საწინააღმდეგო სპეციალური ხსნარით დამუშავება დაიწყეს. აღნიშნული სამუშაოები ეტაპობრივად მთელ თბილისში ჩატარდება. სამგორისა და კრწანისის რაიონების დამუშავება პრაქტიკულად დასრულებულია.

ფხალაძემ აღნიშნა, რომ კერძო ტერიტორიების დამუშავება ფასიანია. ერთი კვადრატული მეტრის სპეციალური ხსნარით დასხურება 50 თეთრი დაჯდება.

"ბოლო ორ თვეში ჩვენმა თანამშრომლებმა 200-ზე მეტი გველი დაიჭირეს, ამავე პერიოდში "ცხელ ხაზზე" 400-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა. რაც შეეხება ზარებს, გასულ წლებთან შედარებით, წელს თბილისელებისგან ორჯერ ნაკლები შეტყობინება შემოვიდა", — განაცხადა ფხალაძემ და აღნიშნა, რომ პანიკის საბაბი არ არსებობს, რადგან ეს ამ პერიოდისთვის ბუნებრივი და დამახასიათებელი მოვლენაა.

სააგენტოს თანამშრომლები სადღეღამისო რეჟიმში მუშაობენ. ფხალაძე უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობას არ ურჩევს გველის მოკვლას, მათ უნდა დარეკონ გადაუდებელი დახმარების "112"-ის ცენტრში და მაშველების დახმარებას დაელოდონ.

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

"წელს ჯერჯერობით შხამიანი გველი არ დაგვიჭერია, ასევე არ დაფიქსირებულა გველის ნაკბენის შემთხვევა", — აღნიშნა ფხალაძემ.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების დასუფთავებას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გველებმა ბუდეების გაკეთება ვერ შეძლონ.

მთავარი თემები