08:18 01 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
კომპანია Metro Georgia-ს ავტობუსები

თბილისში შესაძლოა ექსპრეს-ავტობუსები აღადგინონ

© сайт компании Metro Georgia
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
2410

ჩქაროსნული ავტობუსების გადაადგილებისთვის თბილისში სამი დერეფნის შექმნა იგეგმება, სადაც ავტობუსების სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე იმოძრავებენ.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის შექმნაზე მომუშავე ჯგუფი ქალაქში ჩქაროსნული ავტობუსებისთვის მერიას სპეციალური დერეფნების შექმნას სთავაზობს, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა მერაბ ბოლქვაძემ.

მუნიციპალური ტრანსპორტის ამ სახეობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მხოლოდ რამდენიმე გარკვეულ გაჩერებაზე ჩერდებიან. ამასთან, ამ ავტობუსებს სპეციალურად გამოყოფილ დერეფნებზე მოძრაობის უფლება ექნებათ.

"სატრანსპორტო დერეფნების სქემები გენერალური გეგმის დონეზე არის შესრულებული. ეს ნიშნავს, რომ იქ ჩქაროსნული ავტობუსები იმოძრავებენ, ან, პერსპექტივაში, ტრამვაი. საუბარია სამ დერეფანზე, რომლებსაც თბილისის მერიას ვთავაზობთ. ძირითადი მიმართულებები უკვე დადგენილია", — განაცხადა ბოლქვაძემ.

პროექტის თანახმად, პირველი დერეფნის მარშრუტია: დიდი დიღომი — მარშალ გელოვანის გამზირი — საბურთალო — ვაკე — თავისუფლების მოედანი — ორთაჭალის ავტოსადგური. მეორე დერეფანი: გლდანი — წერეთლის გამზირი — აღმაშენებლის გამზირი — რიყე. და მესამე: ავჭალის გზატკეცილი — სადგური — კახეთის გზატკეცილი (აეროპორტის ტრასა).

"პირველ ეტაპზე პროექტი ამ სამიდან ერთ-ერთ დერეფანზე განხორცილდება, რათა შესაძლო ხარვეზები აღმოვფხვრათ და ავიცილოთ ისინი დანარჩენი ორი დერეფნის ამოქმედებისას", — განაცხადა ბოლქვაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმის საბოლოო პროექტი ჯგუფმა დედაქალაქის მერიას მაისში უნდა წარუდგინოს, შემდეგ კი საჯარო განხილვები დაიწყება.

"მას შემდეგ, რაც საბოლოო პროექტი შეთანხმდება, უნდა დაიწყოს ამ ყველაფრის განხორციელება. შესაძლოა გაჩნდეს გარკვეული მოსაზრებები და პროექტში კორექტივები იქნება შეტანილი", — აღნიშნა ბოლქვაძემ.

მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შექმნაზე მუშაობს საერთაშორისო კონსორციუმი და დარგის 200-მდე სპეციალისტი.

მთავარი თემები