01:53 22 იანვარი 2017
პირდაპირი ეთერი
წიგნის დღეები

თბილისში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

© Sputnik/
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

ღონისძიების პროგრამაშია გამოფენები, სხვადასხვა თემატური სემინარი და საჯარო ლექციები.

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 23-25 დეკემბერს თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება, სადაც შესაძლებელი იქნება ლიტერატურის სიახლეების, მსოფლიო კლასიკის თარგმანების გაცნობა და პოპულარულ ავტორებთან შეხვედრა.

ფესტივალის მიზანია კითხვის პოპულარიზება, განათლების ხელმისაწვდომობის ამაღლება, ასევე საქართველოში ლიტერატურული პროცესების წახალისება. გარდა ამისა, საახალწლო ფესტივალის ორგანიზატორებს ტრადიციის — საახალწლოდ წიგნის ჩუქების დამკვიდრება სურთ.

წიგნების მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში ელოდებათ პრეზენტაციები, თემატური საჯარო ლექციები, ასევე დიდი ფასდაკლებები საქართველოს სხვადასხვა გამომცემლობის ახალ და ძველ გამოცემებზე. გამომცემლობების გარდა, ფესტივალში მონაწილეობენ უნივერსიტეტები და წიგნის მაღაზიები, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფესტივალის ოფიციალურ გახსნაზე გამოავლენენ და დააჯილდოებენ 2016 წლის საქართველოს საუკეთესო ბესტსელერის ავტორს.

წიგნის ფორუმზე გაიმართება პრეზენტაციები გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები II“, დავით (დეფი) გოგიბედაშვილის ისტორიული რომანის „გვირგვინოსანი“, მარიამ წერეთლის სადებიუტო რომანის „სიცოცხლე განსაზღვრული არტიკლით“, 21 ქართველი ავტორის წიგნის „XXI ქართული ესე“, ახალი საბავშვო წიგნის „ხმოვანი დედაენა“ (მოლაპარაკე ანბანი).

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ავტორები, საჯარო ლექციებს წაიკითხავენ ქართველი მწერლები, პოეტები და მთარგმნელები ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე, ირაკლი კაკაბაძე, ტატო შანიძე, გვანცა ჯობავა და სხვები. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრა ცნობილ ქართველ მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილთან.

წიგნის ფესტივალზე ასევე იზრუნებენ ბავშვებზე — მათ ელოდებათ განახლებული საბავშვო კუთხე საახალწლო გასართობი პროგრამით.

ფესტივალის გასართობ პროგრამაშია ლექსო რატიანის კონცერტი, საბალეტო სტუდია „ფუეტეს“ საახალწლო წარმოდგენა და შოუ-ვიქტორინა თოვლის პაპასა და ფიფქიასთან ერთად.

ფესტივალის ორგანიზატორი ტრადიციულად არის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თბილისის მერიისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.

მთავარი თემები