თავდაცვის სამინისტრო: სპეციალური ოპერაციების სარდლობა 27 წლისაა

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2026
გამოწერა
მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მებრძოლებს სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა სპეციალური ოპერაციების სარდლობას 27 წლის იუბილე მიულოცა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება და მებრძოლებს განსაკუთრებული პროფესიონალიზმის, სიმამაცისა და სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„სპეციალური ოპერაციების ძალები არის განსაკუთრებული პასუხისმგებლობის, უმაღლესი პროფესიონალიზმის, გამძლეობისა და სამშობლოსადმი შეუვალი ერთგულების სიმბოლო. ეს არის ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედოს რთულ და არაპროგნოზირებად გარემოში და დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისი თქმით, სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესება მთავრობის მუდმივი საზრუნავია და ამ მიზნით არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა.
საზეიმო ცერემონიალი მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწვრთნელი ცენტრის ბაზაზე ჩატარდა - სარდლობის იუბილესთან დაკავშირებით, პირადი შემადგენლობა დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით, საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „გიორგი ანწუხელიძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“ და „გენერალი კვინიტაძე“.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა სპეციალური ოპერაციების სარდლობის ახალი შტაბის შენობა დაათვალიერეს, ასევე შესრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0