კობახიძე: სპორტული ქალაქი იქნება ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2026
გამოწერა
სპორტული ქალაქის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა.
თბილისი, 28 ნოემბერი -Sputnik. ვიწყებთ სპორტული ქალაქის მშენებლობას, რაც იქნება ძალიან ღირებული ობიექტი ქართული სპორტის განვითარებისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. პროექტის ფარგლებში აშენდება სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობა, პროექტი ასევე მოიცავს უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელ კამპუსსაც.
სპორტული ქალაქის პირველი ობიექტი უკვე დასრულებული სამბოს ახალი დარბაზია, რომელიც ორი სავარჯიშო ლეიბისგან და 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნისგან შედგება. ახალ დარბაზში ვარჯიშთან ერთად შესაძლებელი იქნება ტურნირების ჩატარებაც.
„ქართულ სამბოს ექნება თანამედროვე სტანდარტების ახალი სახლი და დღეიდან უკვე დაიწყება მთელი ახალი კომპლექსის შექმნა. ასეთი სპორტული ქალაქი საქართველოში ჯერ არ გვქონია. სპორტული ქალაქის გული სპორტის უნივერსიტეტი იქნება. ეს არის 91-წლიანი ტრადიციების მქონე საუნივერსიტეტო დაწესებულება, რომელიც სრულიად ახალ შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სპორტის უნივერსიტეტის გაძლიერება უნდა იყოს საუნივერსიტეტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი სპორტის სისტემას უზრუნველყოფს ახალი კადრებით და, შესაბამისად, ამ დაწესებულებას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კობახიძემ მადლობა გადაუხადა კომპანია VrVake-ს ინვესტიციისა და პროექტში შეტანილი წვლილისთვის, ასევე მშენებლებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ პირებს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქი კი იქნება სივრცე, სადაც შეიკრიბებიან მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები, მენეჯერები და ყველა, ვინც სპორტის განვითარებაზე ზრუნავს.
სპორტული ქალაქის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. სპორტის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელ კამპუსის გარდა, „საუნივერსიტეტო სპორტული ქალაქის“ პროექტი ითვალისწინებს: სპორტის სამინისტროს, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრს, ეროვნული სპორტული ფედერაციებისა და ქართული სპორტის განვითარების ფონდის ადმინისტრაციულ შენობას, სპორტის კოლეჯის შენობას, სპორტის მუზეუმს, პარალიმპიურ ცენტრს, ფარიკაობის, ბადმინტონისა და მაგიდის ჩოგბურთის დარბაზს, ტირის შენობას, აღმოსავლური ორთაბრძოლების დარბაზს, MMA-ის დარბაზს, ხელბურთის დარბაზს, კლდეზე ცოცვის ცენტრს.
სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტს სამშენებლო კომპანია Vr Vake Towers ააშენებს.
ყველა ახალი ამბავი
0