დეპუტატი: ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა ხელისუფლებაზე თავდასხმის საბაბი გახდა

© Georgia national football teamფეხბურთის ნაკრები
ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2026
გამოწერა
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ფეხბურთის ნაკრებთან დაკავშირებული სიტუაცია საზოგადოების გახლეჩის კიდევ ერთ მიზეზად აქციოს.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების, დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების საგნად, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზურაბ რურუამ.
მისი თქმით, რთულ პერიოდში ნაკრების ფეხბურთელების გვერდით დგომის ნაცვლად, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პოლიტიკური თანამოაზრეები, სხვადასხვა აქტივისტსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ცდილობენ სპორტული შედეგი პირდაპირ ქვეყნის ხელისუფლებას დაუკავშირონ.
„მინდა მათ ვკითხო – რა კავშირი აქვს ფეხბურთის მოედანზე ნაჩვენებ შედეგს ქვეყნის ხელისუფლებასთან? როდიდან გახდა ეროვნული ნაკრების თითოეული მარცხი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? ეს არის სრულიად მიუღებელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნისა და სპორტსმენების მიმართ", - განაცხადა რურუამ.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს რა მდგომარეობაში არიან ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, რას განიცდიან ისინი დამარცხების შემდეგ ან რამდენ ძალისხმევას ხარჯავენ საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარსადგენად.
„მათთვის მთავარია, ნებისმიერი წარუმატებლობა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ. როდესაც ეროვნული ნაკრების მარცხს პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ, ამით, პირველ რიგში, საკუთარ დამოკიდებულებას აჩვენებენ ქვეყნისა და მისი სპორტსმენების მიმართ“, – აღნიშნა რურუამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ცდილობს, ეს სიტუაცია საზოგადოების გახლეჩის კიდევ ერთ მიზეზად აქციოს.
„არავინ ამბობს, რომ ნაკრების თამაში არ უნდა შეფასდეს ან შეცდომებზე არ უნდა ვისაუბროთ. პირიქით, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ კრიტიკასა და პოლიტიკური მიზნებისთვის საკუთარი ნაკრების წარუმატებლობის გამოყენებას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა“, – აღნიშნადეპუტატმა.
არსებობის ისტორიაში პირველად ეროვნულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ციკლი ისე ჩაატარა, რომ ერთი გოლიც ვერ გაიტანა - B2 ჯგუფის ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა გათამაშება ორი ქულით, გატანილი გოლის გარეშე, ბოლო ადგილზე დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0