შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2026
გამოწერა
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და მათ მოგვარებაზე მუშაობისთვის მზაობა დაადასტურეს.
„ამ კუთხით, ყურადღება გავამახვილეთ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აღდგენის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საუბარი აგრეთვე შეეხო საპარლამენტო კავშირების შემდგომი გააქტიურების საკითხს.
„დადებითად გავიხსენე წელს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, თემთა პალატის თავმჯდომარესთან, ლინდსი ჰოილთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებისთვის მზადყოფნა დავადასტურე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ლონდონში დაგეგმილი ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტის საორგანიზაციო საკითხებს.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0