შუა დერეფანი საქართველოს გარეშე? ბოჭორიშვილმა ევროკავშირს ქვეყნის როლი შეახსენა

© photo: Sputnik / Stringerევროკავშირის და საქართველოს დროშები
ევროკავშირის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
საქართველომ უარი თქვა 16 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობაზე, რადგან მოსაწვევი მხოლოდ ელჩის დონეზე მიიღო
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველო კვლავ არის ერთ-ერთი საკვანძო რგოლი შუა დერეფანში, რომელსაც ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისა გააჩნია და შესაბამისად, ჩვენმა წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა სატრანსპორტო დაკავშირებადობის შესახებ დისკუსიებში შესაბამის პოლიტიკურ დონეზე, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირი დაკავშირებადობას, პირველ რიგში, უსაფრთხოების კონტექსტში განიხილავს. ეს ეხება არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ ენერგეტიკულ პროექტებს, მიწოდების ჯაჭვის უსაფრთხოებას და სხვა სფეროებსაც.
„დაკავშირებადობა ევროკავშირისთვის სწორედ უსაფრთხოების კონტექსტში განიხილება, პირველ რიგში. ჩვენ უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ, არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოება, აქ უსაფრთხოებას აქვს ძალიან ფართო მნიშვნელობა. იგულისხმება მათ შორის ენერგეტიკული პროექტები, მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოება
შუა დერეფანი არის დღეს სწორედ ის ხაზი, დაკავშირებადობის სწორედ ის ჯაჭვი, რომელიც ევროკავშირისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, საქართველო ამ რუკაზე არის, იყო და იქნება და ურთიერთობები, რომელიც ევროკავშირს აქვს გაწყვეტილი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის პასუხისმგებლობაა, ერთის მხრივ, თუ როგორ წარმართავს ამ ურთიერთობებს ერთ-ერთ საკვანძო ქვეყანასთან შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში“, - განაცხადა მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ თავდაპირველად საქართველო საერთოდ არ იყო მიწვეული ევროკავშირის შეხვედრებზე, რომლებიც დაკავშირებადობის საკითხებს ეძღვნებოდა. ამან კითხვები გააჩინა არაერთ ევროპელ პოლიტიკოსსა და ევროპარლამენტის წარმომადგენელში, რადგან შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე, ამ თემაზე დისკუსიებს აზრი არ აქვს.
ბოჭორიშვილის თქმით, შემდგომში მოსაწვევები ეგზავნებოდა საქართველოს დაბალი დონის წარმომადგენლებისთვის, თუმცა თბილისს ეს ფორმატი არ აკმაყოფილებს.
„როდესაც პოლიტიკური ხასიათის შეხვედრაა და პოლიტიკოსები ესწრებიან შეხვედრას და საუბრობთ დაკავშირებადობაზე, როგორც პოლიტიკაზე, მხოლოდ მოსმენის რეჟიმში საქართველო ვერ მიიღებდა ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. საქართველოს ელჩის ან შედარებით დაბალ დონეზე მოწვევა, არ ემსახურება იმას, რომ იქ ვინმეს აინტერესებს საქართველოს პოზიციის მოსმენა, ამ შემთხვევაში. თუკი ეს აინტერესებთ, მოიწვევენ იმ დონის წარმომადგენელს, რა დონეზეც შეხვედრა იმართება“, - აღნიშნა მინისტრმა.
ამავდროულად, ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ღიაა ევროკავშირთან დიალოგისთვის და პრობლემურ საკითხებზეც კი არ შეუწყვეტია კონტაქტები.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ ევროპულ შეხვედრებზე საქართველოს წარმომადგენლების მოწვევის საკითხი ქვეყანაში პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება.
მისი თქმით, ელჩის ან სხვა დაბალი დონის წარმომადგენლის მოწვევა არ მიუთითებს თბილისის პოზიციისადმი ნამდვილ ინტერესზე. თუ ევროკავშირს ნამდვილად სურს საქართველოს პოზიციის მოსმენა, მან უნდა მოიწვიოს იმავე დონის წარმომადგენლები, რა დონის შეხვედრაც იმართება.
„ასეთი ფორმით შეხვედრებზე მოსაწვევით სპეკულირება ამ შეხვედრების მნიშვნელობას აკნინებს და თავად ევროკომისიის დამოკიდებულებას აკნინებს სწორედ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მიმართ და ალბათ ყველაზე სწორი იქნებოდა, რომ უფრო მეტად სერიოზული დამოკიდებულება ვიხილოთ ამ საკითხების თვალსაზრისით", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
საქართველომ უარი თქვა რეგიონთაშორისი უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის შეხვედრაში მონაწილეობაზე, რომელიც ბრიუსელში 16 ნოემბერს გაიმართა. თბილისს მოსაწვევი ელჩის დონეზე გაუგზავნეს, რამაც საქართველოს ხელისუფლება არ დააკმაყოფილა.
შუა დერეფანი
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში. საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა.
საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, რკინიგზის შესაძლებლობების გაფართოება, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
გარდა ამისა, ქვეყანა აქტიურად მუშაობს შუა დერეფნის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით, რათა გამარტივდეს სატრანზიტო კანონმდებლობა და ტვირთების შემოწმების პროცედურები.
ყველა ახალი ამბავი
0