საქართველოში შესაძლოა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაძვირდეს: ახალი ტარიფი და შედეგები

© Sputnik / Alexander Imedashviliტანსაცმელი მაღაზიაში
ტანსაცმელი მაღაზიაში - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
დადგენილებით გათვალისწინებულია რამდენიმე გამონაკლისიც - ახალი ტარიფი არ გავრცელდება მეორად ტანსაცმელსა და ტექსტილის ნარჩენებზე.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და ტექსტილის გარკვეული კატეგორიის კომერციულ იმპორტზე საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასური 1 კილოგრამზე 3 ლარით განისაზღვრა, შესაბამისი დადგენილება უკვე ძალაში შევიდა.
ახალი რეგულაცია ვრცელდება სეს ესნ-ის 61-65 სასაქონლო ჯგუფებში კლასიფიცირებულ საქონელზე, დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა.
ეს სასაქონლო ჯგუფები მოიცავს როგორც მზა პროდუქციას, ასევე მათ ცალკეულ ნაწილებსა და კომპონენტებს. კერძოდ, ტარიფი ვრცელდება ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა მაისურები, პერანგები, შარვლები, ჯინსები, კაბები, ქვედაბოლოები, ქურთუკები, პიჯაკები, კოსტიუმები, სვიტერები, სპორტული ტანსაცმელი, საცვლები, წინდები და ბავშვის ტანსაცმელი.
სიაში ასევე შედის ტექსტილის სხვა მზა ნაწარმი, ასევე ყველა სახის ფეხსაცმელი, ქუდები, კეპები და სხვა თავსაბურავები.
ცვლილებამდე საბაჟო გაფორმების მომსახურებისთვის იმპორტიორს, შესაბამის შემთხვევებში, ფიქსირებული 500 ლარის გადახდა უწევდა. ახალი წესით კი ეს თანხა ცვლადი ხდება და იმპორტირებული საქონლის წონის მიხედვით გამოითვლება. მაგალითად, 500 კილოგრამი საქონლის გაფორმების საფასური 1.500 ლარი იქნება, ერთი ტონის შემთხვევაში კი 3.000 ლარს მიაღწევს. შესაბამისად, რაც უფრო დიდია იმპორტირებული პარტია, მით უფრო მაღალია საბაჟო გაფორმების მომსახურების საფასურიც.
დადგენილებით გათვალისწინებულია რამდენიმე გამონაკლისიც. ახალი საფასური არ გავრცელდება მეორად ტანსაცმელსა და ტექსტილის ნარჩენებზე.
გათავისუფლება შეეხება ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და გაერთიანებული სამეფოს შესაბამისი სავაჭრო შეთანხმებებით გათვალისწინებული შეღავათიანი წარმოშობის საქონელსაც, იმ შემთხვევაში, თუ დეკლარირებისას წარდგენილი იქნება წარმოშობის დამადასტურებელი EUR.1 სერტიფიკატი ან წარმოშობის დეკლარაცია.
რეაქცია გადაწყვეტილებაზე
საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია (REA) უკმაყოფილოა გადაწყვეტილებით, რადგან კილოგრამზე 3-ლარიანი განაკვეთი ერთ ტვირთზე ხარჯს ათეულობით ათას ლარამდე ზრდის.
„ასეთი მასშტაბის ფინანსური გავლენის მქონე რეგულაცია სექტორთან ყოველგვარი წინასწარი კონსულტაციისა და დიალოგის გარეშე იქნა მიღებული. ბიზნესს არ მიეცა შესაძლებლობა, წარედგინა რეალური გათვლები და შეეფასებინა მოსალოდნელი რისკები“, - აცხადებს ასოციაცია.
ასოციაციის მონაცემებით, ცვლილება ადგილობრივი ბიზნესის ხარჯებს გაზრდის, რაც საბოლოოდ მომხმარებელზეც აისახება.
„ნებისმიერი ასეთი ცვლილება უნდა იყოს ბიზნესისთვის განჭვრეტადი, მისი აზრი უნდა იყოს მოსმენილი, ხოლო მიღების შემთხვევაში ბიზნესს უნდა მისცემოდა გონივრული ვადა ახალ ტარიფებთან ადაპტაციისთვის“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
REA ასევე მიუთითებს, რომ ახალი რეგულაცია ადგილობრივ კომპანიებს უცხოურ ონლაინ პლატფორმებთან კონკურენციისას დამატებით არახელსაყრელ პირობებში აყენებს.
„ქართული კომპანიები ისედაც არათანაბარ კონკურენციაში არიან საერთაშორისო ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებთან (Wildberries, Temu, Shein, Trendyol, AliExpress და სხვ.), რომლებიც 300-ლარიანი დაუბეგრავი ზღვრის პირობებში ოპერირებენ. ვინაიდან ახალი რეგულაცია არ ეხება ფორმა №4-ით გაფორმებულ ამანათებს, უცხოური პლატფორმები ადგილობრივ იმპორტიორებთან შედარებით კიდევ უფრო დიდ ფასობრივ უპირატესობას იღებენ“, - აცხადებს ასოციაცია.
მისი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება ქვეყანაში ფასების ზრდას გამოიწვევს, მათ შორის საცალო ქსელებში.
ყველა ახალი ამბავი
0