დიალოგი რუსეთთან უნდა გაგრძელდეს - ზურაბაშვილი

© Courtesy of Giorgi Zurabashviliგიორგი ზურაბაშვილი
გიორგი ზურაბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.11.2026
გამოწერა
ზურაბაშვილმა შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან, მინსკში 19 ნოემბერს გამართული შეხვედრის პირველი შედეგები
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. რუსეთთან დიალოგი, სირთულეების მიუხედავად, აუცილებელია ურთიერთობების დარეგულირებისა და საქართველოს მთავარი მიზნის - ტერიტორიების გაერთიანების მისაღწევად, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა, ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
ზურაბაშვილმა შეაჯამა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხაილ გალუზინთან, მინსკში 19 ნოემბერს გამართული შეხვედრის პირველი შედეგები. აღნიშნული შეხვედრა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიმართა.
„მიუხედავად სირთულეებისა, აუცილებელია დიალოგი, ჩვენ ვიმსჯელებთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, რათა მივაღწიოთ ურთიერთობების დარეგულირებას, მივაღწიოთ ტერიტორიების გაერთიანებას. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას - ერთიან, ძლიერ საქართველოს“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოსა და რუსეთს შორის არის „ძალიან რთული ურთიერთობები, რომელიც უკვე ათწლეულებია გრძელდება“, მთავარი სირთულეები განპირობებულია იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია „საქართველოს სუვერენიტეტი“, „საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები“.
მან ასევე ისაუბრა მინსკის შეხვედრის დეტალებზე. „ჩვენთვის მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე. როგორც მოგეხსენებათ, 7 კომპანია არის დასანქცირებული რუსეთის მიერ. კითხვა დავუსვი ბატონ გალუზინს, თუ რასთან იყო დაკავშირებული ეს შემზღუდავი ზომები, რომლებიც მათ 9 ოქტომბერს შემოიღეს“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსულმა მხარემ ახსნა შეზღუდვები სამი მიზეზით: ქართული პროდუქციის ხარისხი, დასანქცირებული კომპანიების მიერ თითქოსდა უკრაინის ომის დაფინანსება უკრაინელების სასარგებლოდ და ანტირუსული ნარატივის გავრცელება.
ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს აცნობა ქართული მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება ხარისხს, რა თქმა უნდა, ბატონ გალუზინს ავუხსენი, რომ ქართული ღვინო ძალიან მაღალი რეპუტაციით სარგებლობს, ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, მათ აქვთ არაერთი საერთაშორისო სერტიფიკატი და ლიცენზია და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო დაბალხარისხიანია“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.
რაც შეეხება დანარჩენ ორ პრეტენზიას - კონფლიქტში უკრაინის დაფინანსებასა და ანტირუსული ნარატივების პროპაგანდას, ეს ყველაფერი არარელევანტურია, არ შეესაბამება სინამდვილეს და „არაფერი მსგავსი არ ხდება“, განაცხადა ზურაბაშვილმა.
მისი თქმით, რუსეთის მხარემ შეხვედრაზე დააყენა დაახლოებით ათი საკითხი. „მაგალითისათვის გეტყვით, რომ საუბარი იყო იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო საქართველოს ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტთან“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.
ამავდროულად, ზურაბიშვილმა რუსეთი დაადანაშაულა, მისი თქმით, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში - პროპაგანდის გავრცელებაში, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული პარტიაა.
„ეს ყველაფერი მიმართულია „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდასა და ნარატივს, თითქოსდა „ქართული ოცნება“ არის პრორუსული. იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ენერგია შემატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს. მე დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები არა მხოლოდ ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ეს საკითხები აგრეთვე მნიშვნელოვანია და ავნებს რუსეთის მოსახლეობას“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად. პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. ზურაბაშვილი ახალი სპეცწარმომადგენელი 21 ოქტომბერს გახდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
ყველა ახალი ამბავი
0