მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტი 600-მდე მოქალაქეს დაუფინანსა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდება, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიამ რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტი „აქტემრა“ უკვე 600-მდე მოქალაქეს დაუფინანსა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული, პროგრესირებადი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც სახსრების ანთებით პროცესს, შემდეგ მათ დეფორმაციას, საბოლოოდ კი, მოქმედებისა და გადაადგილების შეზღუდვას იწვევს. დაავადების შეუფერხებელი მიმდინარეობის შემთხვევაში მაღალია შშმ პირის სტატუსის შეძენის რისკი.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით, მოქალაქეზე აფთიაქში მედიკამენტი გაიცემა.
„მედიკამენტოზური მკურნალობის საფუძველზე შესაძლებელია ამ ქრონიკული აუტოიმუნური დაავადების პროგრესის შეჩერება და მისი რემისიის ეტაპზე გადასვლა. შესაბამისად, მოქალაქე ქმედუნარიანი ხდება და მისი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება“, - აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდება, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით.
თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული.
მოქალაქემ მედიკამენტის დასაფინანსებლად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართოს.
რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსების მისაღებად განცხადებას უნდა ერთვოდეს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის საინფორმაციო ბარათი;
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა, რომელიც უნდა მოიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას ევროპული (EULAR) ან/და ამერიკული (ACR) „გაიდლაინებით“ გათვალისწინებული კვლევების ჩატარებისა და მათი შედეგების თაობაზე;
ინფორმაცია გამოყენებული სინთეზური მამოდიფიცირებელი პრეპარატების ან/და ამავე პრეპარატების მიმართ წინააღმდეგ ჩვენების/აუტანლობის დაფიქსირების შესახებ;
კონსილიუმის ვადიანი დასკვნა, პაციენტისთვის შესაბამისი მედიკამენტით მკურნალობის ჩატარების აუცილებლობისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მზაობის თაობაზე;
კალკულაცია მედიკამენტის მიმწოდებელი ორგანიზაციიდან;
სხვა დოკუმენტი, ქვეპროგრამის განმახორციელებლის მოთხოვნის შესაბამისად.
„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა 2025 წლის სექტემბერში ამოქმედდა. ერთი პაციენტის წლიური მკურნალობის კურსი 12 ფლაკონს მოიცავს, თითოეულის ღირებულება კი 1,570 ლარია.
ყველა ახალი ამბავი
0