მაშავერას გორაზე, სავარაუდოდ, პირველი ნეოლითური სამარხი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Levan Avlabreliარქეოლოგიური გათხრები
არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე არქეოლოგიურ ძეგლზე - მაშავერას გორაზე მიმდინარე გათხრებისას მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ნეოლითური ხანის სამარხს მიაკვლიეს, რომელშიც მცირეწლოვანი ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღმოჩენა განსაკუთრებული სამეცნიერო მნიშვნელობისაა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიაზე ამ პერიოდის ძეგლებზე სამარხი აქამდე არ ყოფილა დაფიქსირებული.
„მოპოვებული მასალები დამატებით სამეცნიერო კვლევებს საჭიროებს, რის შემდეგაც აღმოჩენის ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა გახდება შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
არქეოლოგიურ სამუშაოებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპედიცია ახორციელებს.
მაშავერას გორა მსოფლიოში ცნობილი შულავერი-შომუთეფეს არქეოლოგიური კულტურის (ძვ. წ. VI ათასწლეული) გამორჩეული ძეგლია. იგი ნეოლითურთან ერთად ასევე მოიცავს შუა საუკუნეების კულტურულ ფენებს, რაც ამ ტერიტორიაზე ადამიანის ხანგრძლივ ცხოვრებაზე მიუთითებს.
მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ძეგლზე გამოვლენილია ძვ. წ. VI ათასწლეულისთვის დამახასიათებელი, წრიული და ოვალური გეგმარების მქონე ალიზის (გამოუწვავი თიხის აგურის) საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები. მოპოვებული არტეფაქტები მკაფიოდ ასახავს უძველესი მიწათმოქმედი საზოგადოების ყოფასა და განვითარების დონეს.
ყველა ახალი ამბავი
0