კალაძე: რუსთაველის რეაბილიტაცია სრულდება - გამზირი ძალიან ლამაზი და მოწესრიგებული იქნება

© Tbilisi City Hall კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
მერის განცხადებით, ქალაქის რეაბილიტაცია, ქუჩებისა და გამზირების განახლება ამით არ სრულდება - ეტაპობრივად ყველაფერი იქნება რეაბილიტირებული.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, ჩვენი ამოცანა იყო ისეთი სივრცის შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
რუსთველის გამზირის მასშტაბური რეკონსტრუქცია 23 ივლისს დაიწყო. პროექტის დასრულება 2026 წლის ნოემბრის ბოლომდეა დაგეგმილი.
„სულ მალე ქვეყნის მთავარი გამზირი განახლებული სახით დაუბრუნდება ჩვენს მოქალაქეებს. რუსთაველის გამზირი არ არის უბრალოდ ერთი ქუჩა ან სატრანსპორტო დერეფანი. ეს არის ჩვენი დედაქალაქის გული, ჩვენი ისტორიის, კულტურისა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ამ გამზირს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის ცხოვრებაში“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა რუსთაველის გამზირზე განხორციელებული სამუშაოების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა, რომლის საშუალებითაც ქვეითებსა და ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ.
„აქამდე მშობლები საბავშვო ეტლებით ვერ გადადიოდნენ გზის ერთი მხრიდან მეორეზე, ისევე, როგორც ეტლით მოსარგებლე მოქალაქეები, ეს პრობლემა მთლიანად მოგვარებული იქნება. ქალაქის ხელმისაწვდომობა არ არის პრივილეგია – ეს თითოეული ადამიანის უფლებაა. როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე, განვითარებულ დედაქალაქზე, მისი განვითარების ხარისხი სწორედ ასეთი საკითხებით უნდა იზომებოდეს. რუსთაველის გამზირი ყველას ეკუთვნის და ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ გამზირის რეაბილიტაციის პროცესში შექმნილი დისკომფორტის გამო, მოქალაქეებს მოთმინებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ, როდესაც სამუშაოები დამთავრდება, რუსთაველის გამზირი იქნება ძალიან ლამაზი და ყველანაირად მოწესრიგებული.
კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციის საჭიროებაზე და აღნიშნა, რომ ეტაპობრივად ყველა პროექტი განხორციელდება.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია
სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას - 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.
პროექტის პირველ ეტაპზე განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეიცვალა წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები, საჰაერო სადენები განთავსდა მიწისქვეშა საკაბელო არხებში, დამონტაჟდა მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.
პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურას, განახლებულ გზის სავალ ნაწილს, ტროტუარს, ასფალტის საფარს, გარე განათების ქსელს, ახალი განათების ბოძებს თავისი ლედ-სისტემებით.
პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანების კომპონენტსაც მოიცავს. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.
რუსთაველის გამზირი თბილისის სიმბოლო და ტურისტებისთვის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. რუსთაველის გამზირზე მდებარეობს საქართველოს პარლამენტის შენობა, წამყვანი თეატრებისა და მუზეუმების შენობები, მათ შორის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
ყველა ახალი ამბავი
0