ფონიჭალის ტრაგედიის დროს გადარჩენილი სამი წლის გოგონა კლინიკიდან გაწერეს

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2026
გამოწერა
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა. ტრაგედიას მხოლოდ 3 წლის თაია გადაურჩა - იგი მაშველებმა ნანგრევებიდან მომხდარიდან 8 საათის შემდეგ ამოიყვანეს.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. სამი წლის თაია ფხალაძე, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს, განაცხადა ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთევან ბარაბაძემ.
19 ნოემბერს თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. პირველადი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი გაუმართავი გაზის გამათბობელი და ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ხუთი პირი კი დაშავდა. მათგან ჰოსპიტალიზაცია 4 ადამიანს დასჭირდა. მათ შორისაა სამი წლის თაია ფხალაძეც, რომელიც მაშველებმა რვასაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს.
ექიმის თქმით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გოგონას მდგომარეობა მკვეთრად იყო გაუმჯობესებული.
„ინგოროყვას კლინიკის პედიატრიულ დეპარტამენტში მკურნალობას განაგრძობდა ერთი პაციენტი, სამი წლის გოგონა თაია. გუშინდელი მონაცემებით, ჩატარებული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე, მდგომარეობა იყო მკვეთრად მკვეთრად გაუმჯობესებული. ჩატარდა ექიმთა კონსილიუმი და მრავალპროფილური ექიმთა გუნდის მიერ ბავშვის მდგომარეობა შეფასდა მკვეთრად გაუმჯობესებულად, დამაკმაყოფილებლად და პაციენტი გაიწერა ბინაზე“, – განაცხადა ბარაბაძემ.
ამ დრომდე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერისიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში რჩება 31 წლის მამაკაცი, რომლის ბინაშიც გაზის აფეთქება მოხდა. ბოლო ცნობებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მას სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნება, ასევე ზემო სასუნთქი, თერმულ-ინჰალაციური გზების დაზიანება და ბაროტრავმა.
ქვემო ფინიჭალაში მომხდარ აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0