საქართველომ ბრიუსელზე სწორება უნდა შეწყვიტოს - პარტია მუდმივ ნეიტრალიტეტს ემხრობა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები
საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2026
გამოწერა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკასა და მუდმივი ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე საჯარო დებატებისკენ მოუწოდებს
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. საქართველომ უნდა გადახედოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და განიხილოს მუდმივი ნეიტრალიტეტის მოდელი, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება არ უნდა იყოს ქართული სახელმწიფოს მთავარი მიზანი, ნათქვამია პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.
განცხადება განაპირობა ევროკავშირის ელჩების მიერ მხარდაჭერილმა ინიციატივამ, რომელიც ითვალისწინებს ახალი წევრებისთვის ათწლიანი გამოსაცდელი პერიოდის შემოღებას, რომლის განმავლობაშიც მათი ხმის მიცემის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან შეჩერდეს.
„ფაქტია, რომ მრავალი მიმართულებით ღრმა კრიზისში მყოფ ევროკავშირს არათუ ახალი წევრების მიღების რესურსი არ გააჩნია, არამედ არსებული შემადგენლობითაც უჭირს ერთიანობის შენარჩუნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარტიაში მიიჩნევენ, რომ ახალი სახელმწიფოებისთვის წევრობის სპეციალური პირობების შესაძლო შემოღება ეწინააღმდეგება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებით გამყარებული ქვეყნების თანასწორობის პრინციპს. განცხადების ავტორების თქმით, ასეთი მიდგომა ასევე ეჭვქვეშ აყენებს პოლიტიკური პლურალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპებს.
„მიგვაჩნია, რომ დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ უმრავლესობის გადაწყვეტილების აღიარებას − იგი გულისხმობს განსხვავებული პოზიციის არსებობისა და დაცვის უფლებასაც“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პარტიაში ხაზს უსვამენ, რომ არ ემხრობიან ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტას ან შეზღუდვას. პირიქით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს და განავითაროს სავაჭრო კავშირები ევროპის ქვეყნებთან, ამავდროულად გააფართოვოს თანამშრომლობა ჩინეთთან, ინდოეთთან, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებთან და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან.
როგორც პარტიაში აცხადებენ, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა საშუალებას აძლევს იქცეს ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინვესტიციების და დიპლომატიური თანამშრომლობის მნიშვნელოვან ჰაბად.
ამ პოტენციალის რეალიზებისთვის, ქვეყანამ უნდა განავითაროს საკუთარი წარმოება, აითვისოს ახალი საექსპორტო ბაზრები, მოიზიდოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინტეგრირდეს საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელებში, რათა არ დარჩეს მხოლოდ სატრანზიტო ტერიტორია.
ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივად, პარტია სთავაზობს მუდმივი ნეიტრალიტეტის მოდელის განხილვას. იგი ხაზს უსვამს, რომ ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იზოლაციას, საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარის თქმას ან რომელიმე დიდი სახელმწიფოს ინტერესებისადმი დაქვემდებარებას.
„ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ საქართველოზე, რომელიც არ ერთვება სამხედრო ბლოკებს შორის დაპირისპირებებში, მაგრამ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ეკონომიკურ, დიპლომატიურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ საქართველო უნდა იქცეს არა დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ასპარეზად, არამედ მათი დიალოგის, მშვიდობისმყოფელობისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სივრცედ.
პარტია ასევე მიიჩნევს, რომ ქვეყანას სჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური განხილვა საგარეო პოლიტიკური და ეკონომიკური ფუნქციის, ევროინტეგრაციის პირობების და მუდმივი ნეიტრალიტეტის პერსპექტივების შესახებ.
პარტია მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა იყოს არა კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის როლის განმტკიცება თანამედროვე სამყაროში.
ყველა ახალი ამბავი
0