საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სუროგაცია აიკრძალება

© Depositphotos.com / EugeneGensyurovksyორსული ქალი
ორსული ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19-მდე დაწესებულება ახორციელებს.
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
2024 წლის იანვრიდან საქართველოში ინ ვიტრო (ხელოვნური) განაყოფიერება და სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. საქართველოში დონორობა ან სუროგატი დედობა მხოლოდ უანგაროდ იქნება შესაძლებელი. ამისთვის კომპენსაციის აღება აიკრძალება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები.
კირცხალიას თქმით, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.
„კარგად გვესმის, რომ სუროგაციის აკრძალვას, შესაძლოა, გარკვეული ეკონომიკური გავლენა ჰქონდეს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ეკონომიკური სარგებელი ვერ იქნება აღნიშნული რისკებისა და ეთიკური საკითხების საპირწონე“, – განაცხადა კირცხალიამ.
მისი თქმით, სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რისკები, განსაკუთრებით ადამიანით ვაჭრობის – ტრეფიკინგის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით.
კირცხალიას განმარტებით, სახელმწიფოს არ აქვს კონტროლი იმ მიმართულებით, რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის.
„ტრეფიკინგზე და ამის რისკზე ჩვენ კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ... ავიღოთ 100%-იან ჭრილში ის მოვლენები, რომელიც ვითარდება ამ სფეროში - ჩვენს ქვეყანაში ვინც ამ სერვისით სარგებლობს, 98% არ არის საქართველოს მოქალაქე. სახელმწიფოს კი არ აქვს კონტროლი იმ მიმართულებით, რა ბედი ეწევა სუროგაციის შედეგად მის ტერიტორიაზე გაჩენილ ბავშვს, ვინაიდან ქვეყნები, სადაც ამ გზით დაბადებული ბავშვები გადიან, შეზღუდული არ არის", - განაცხადა კირცხალიამ.
სუროგაციის შეზღუდვის ინიციატივა ჯერ კიდევ 2023 წელს გაჟღერდა, როდესაც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც 2024 წლიდან კომერციული სუროგაციისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამ სერვისით სარგებლობის აკრძალვას ითვალისწინებდა, თუმცა მაშინ რეფორმა ბოლომდე არ განხორციელებულა და განხილვის ვადები რამდენჯერმე გახანგრძლივდა.
2024 წლის 1-ელი იანვრიდან სუროგაციასთან, ხელოვნურ განაყოფიერებასა (in vitro) და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებულია, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს.
დღეის მდგომარეობით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19-მდე დაწესებულება ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0