საპატრიარქოს დელეგაციამ პატრიარქ კირილესთან უკრაინის ეკლესიის აღიარებაზე იმსჯელა

© Courtesy of Patriarchate of Georgiaსაპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში
საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში 19 ნოემბერს გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში - 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქს 80 წელი შეუსრულდა.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა რუსეთის პატრიარქ კირილესთან შეხვედრაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი" ავრცელებს.
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში 19 ნოემბერს გაემგზავრა, რათა მონაწილეობა მიეღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში - 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქს 80 წელი შეუსრულდა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდის ეპისკოპოსი ვახტანგი(ლიპარტელიანი), პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
რუსეთის პატრიარქ კირილესთან შეხვედრა 2026 წლის 21 ნოემბერს, მოსკოვში, დანილოვის მონასტერში მდებარე საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში გაიმართა.
შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სახელით 80 წლის იუბილე მიულოცა.
მიტროპოლიტმა თეოდორემ მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს მართლმადიდებლობის დაცვისათვის და აღუთქვა, რომ საქართველოს ეკლესია არასოდეს აღიარებს უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიასა და მის მეთაურს.
„იცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია, და არ დავემორჩილებით არანაირ ზეწოლას“, - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.
მიტროპოლიტმა ასევე პატრიარქ კირილს მართლმადიდებლობის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა და მისთვის ლოცვის აღთქმა გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს პატრიარქმა კირილემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ჯვარი და ორი პანაღია გადასცა, მღვდელმთავრებს - პანაღიები, ხოლო პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს - სამახსოვრო ჯვარი. თავის მხრივ, ქართულმა დელეგაციამ რუსეთის ეკლესიის მეთაურს პანაღია და სადღესასწაულო ხატების გამოსახულებიანი ხატი მიართვა
რუსეთის ეკლესიის მეთაურმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციაზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დღეს მართლმადიდებელ სამყაროში უთანხმოებას იწვევს. პატრიარქ კირილის განცხადებით, იგი მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ეკლესიის პოზიციას ამ საკითხებზე.
„მართლმადიდებელთა დაყოფა ძალიან მარტივია, ხოლო მათი გაერთიანება - ძალიან რთული. […] სამწუხაროდ, დღეს მთელი მართლმადიდებლობის სხეულზე გაჩნდა ისეთი ჭრილობები, რომელთა მკურნალობაც აუცილებელია. ამის გარეშე მართლმადიდებლობისთვის შედეგები შესაძლოა ყველაზე არასასურველი იყოს“, - განაცხადა პატრიარქმა კირილემ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რუსეთსა და საქართველოს ეკლესიებს შორის სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარებაზე.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ოფიციალურად ამ დრომდე არ უღიარებია და საკითხთან დაკავშირებით თავშეკავებულ, მოლოდინის პოზიციას ინარჩუნებს. ახალი ეკლესია 2018 წლის დეკემბერში კიევში გამაერთიანებელ კრებაზე უკრაინაში ადრე მოქმედი ორი არაკანონიკური საეკლესიო სტრუქტურის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ კიევს 6 იანვარს ახალი ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. დოკუმენტიდან გამომდინარე, მისი იურისდიქცია უკრაინის ტერიტორიით შემოიფარგლება, მას არ შეუძლია ეპისკოპოსების დანიშვნა და მრევლის დაფუძნება საზღვარგარეთ. ახალ უკრაინულ ეკლესიას სათავეში მიტროპოლიტი ეპიფანე დუმენკო ჩაუდგა. კანონიკურმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა.
საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინისთვის ტომოსის მინიჭებამ მართლმადიდებელ სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. წმინდა სინოდმა საკითხის შესწავლა და საბოლოო პოზიციის დაფიქსირება პროცესების შემდგომ განვითარებასა და კანონიკური ნორმების განხილვას დაუკავშირა.
ყველა ახალი ამბავი
0