24-25 ნოემბერს დასავლეთის მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება

© Depositphotos.com / Iren Morozგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2026
გამოწერა
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. 24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ავრცელებს.
კომპანიის განცხადებით, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33,8 – 54,0 კმ მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20-კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენში მიერთების ( შეჭრის) სამუშაოები.
„დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით 2026 წლის 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე პერიოდში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ბუნებრივი აირის მიწოდება ასევე შეუწყდებათ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 ნოემბრის 10:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ გათიშული გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
გარდა ამისა, 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთების მასშტაბური სამუშაოები, რაც აუცილებელ ტექნიკურ ღონისძიებებს საჭიროებს.
აღნიშნული სამუშაოები აჭარის რეგიონში უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს - სამუშაოების დასრულება ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და სტაბილურ მიწოდებას, გაზსადენის ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, რის შედეგადაც მაგისტრალურ მილსადენზე ავარიული გათიშვების რისკები ფაქტობრივად განულდება.
მილსადენები „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით ააშენა. პროექტები გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისა და მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მიზანი ქსელის საიმედოობისა და უსაფრთხოების გაზრდა და მეტი დასახლების გაზიფიცირების ხელშეწყობაა.
ყველა ახალი ამბავი
0