ბოჭორიშვილი: თბილისის კავშირები სცენტრალურ აზიასთან ევროინტეგრაციას საფრთხეს არ უქმნის

© MFA of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.11.2026
გამოწერა
Г
ევროკავშირი აქტიურად ავითარებს კონტაქტებს ცენტრალური აზიისა და სხვა რეგიონების სახელმწიფოებთან, ამიტომ საქართველოს ანალოგიური პოლიტიკა არ უნდა იქნას აღქმული, როგორც დაბრკოლება ევროპული ინტეგრაციისთვის, აცხადებს მინისტრი
თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და სხვა რეგიონებთან ხელს არ უშლის მის ევროპულ ინტეგრაციას; პირიქით, ამას შეუძლია გააძლიეროს კავშირები ევროკავშირთან, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
Imedi LIVE-ის ეთერში საგარეო საქმეთა მინისტრმა უცოდინარობა უწოდა გამონათქვამებს იმის შესახებ, რომ თბილისის თანამშრომლობამ სხვა ქვეყნებთან და რეგიონებთან შეიძლება ხელი შეუშალოს ევროკავშირთან ურთიერთობას.
„მხოლოდ უცოდინარობაა, მსგავსი იდეა სხვაგვარად არ შეიძლება განვიხილოთ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს, ან ევროკავშირთან ინტეგრაციას შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ურთიერთობებმა სხვა რეგიონებთან თუ სხვა ქვეყნებთან, მაშინ როდესაც პირიქით ვხედავთ, ევროკავშირის მცდელობებს, თავად განავითაროს სხვადასხვა ფორმატში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირის აქტიურად ცდილობს თავად განავითაროს სხვადასხვა ფორმატში - იქნება ეს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, თუ სხვა რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობები. ამიტომ საქართველოს ანალოგიური პოლიტიკა არ უნდა განიხილებოდეს როგორც ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ფაქტორი.
მისივე თქმით, ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან.
„აქედან გამომდინარე, ევროკავშირისთვის არა თუ შემაფერხებელი, პირიქით, ხელის შემწყობიც შეიძლება, იყოს ამ პროცესებში საქართველოს როლის უფრო უკეთ წარმოჩენა, საქართველოს მიერ ურთიერთობების განვითარება სხვადასხვა რეგიონთან, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონთან“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა ასევე გააკრიტიკა ბრიუსელის პოლიტიკა თბილისის მიმართ და განაცხადა, რომ ევროკავშირმა ფაქტობრივად უარი თქვა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის მექანიზმებზე.
„ყველა ინსტრუმენტი მოშალეს, სადაც პოლიტიკური დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო. არ ჩატარებულა ასოცირების საბჭო, ასოცირების კომიტეტი, სადაც არ ვსაუბრობდით ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მიმართულებაზე. ეს შეხვედრები სარგებლის მომტანი იყო არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ეს შეხვედრები სარგებლის მომტანი იყო ევროკავშირისთვისაც“, - განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დიალოგზე უარის თქმის პოლიტიკას შედეგი არ მოუტანია, ხოლო ურთიერთობების განვითარებისთვის „შინაარსია თავიდან მაგიდაზე დასაბრუნებელი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცას მივაღწიოთ ამ ურთიერთობებში“.
ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შესაძლო გამოყენებასა და ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს. მან განაცხადა, რომ ქვეყნისა და ქართული საზოგადოების მისამართით კვლავაც ისმის მუქარები, რომლებიც ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტების შესაძლო გამოყენებას უკავშირდება.
ამავდროულად, მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნები არ იზიარებენ ბრიუსელის მიდგომას საქართველოს მიმართ და თბილისთან დიალოგისა და ჩართულობის განახლებას ემხრობიან.
„შესაბამისად, ვნახოთ, როგორი იქნება განხილვა იანვარში. წინასწარ რთულია პროგნოზების გაკეთება, რა იქნება აქტუალური დღის წესრიგი, თუმცა კონტექსტი, რა კონტექსტშიც გვესმის იანვარში დაპირებული განხილვები, ნამდვილად არ არის პოზიტიური და არ ქმნის პოზიტიურ მოლოდინს, როდესაც ეს გვესმის ბრიუსელის კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ევრობიუროკრატების მიერ ქართველი ხალხის სახელით გაკეთებულ განცხადებებს არაფერი აქვს საერთო მეგობრობასთან, ქართველი ხალხის სიყვარულთან და პატივისცემასთან.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. თბილისმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მანამდე კი ბრიუსელთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 2017 წლიდან მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0