ზახაროვა: საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი შეხვედრაზე არ დაუყენებია

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2026
გამოწერა
შეხვედრაზე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ურთიერთქმედების აქტუალურ საკითხებზე სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, განაცხადა ზახაროვამ
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ქართულ მხარეს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით არ მოუმართავს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მინსკში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის შეხვედრის კომენტირებისას.
19 ნოემბერს მინსკში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის შეხვედრა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი იყო. ზურაბაშვილი პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს დაინიშნა.
„გალუზინ-ზურაბაშვილის ფორმატი გაგრძელდება რუსეთსა და საქართველოს შორის შემდგომი თანამშრომლობისა და ურთიერთობების ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს, ქართულ მხარეს მსგავსი ინიციატივით არ მოუმართავს“, - აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, შეხვედრა მოიაზრება რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის განახლებად და მასზე მოხდა მოსაზრებების გაცვლა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, პირველ რიგში ეს ეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებს.
რაზე ისაუბრეს მხარეებმა შეხვედრაზე?
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებზე. ასევე განიხილეს ამ მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მიაღწიეს რიგ შეთანხმებებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, ისევე როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, არ აკონკრეტებს, რა საკითხებში მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხაზი გაესვა დიალოგის გაგრძელების აუცილებლობას კონკრეტული შედეგების მიღწევის მიზნით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული გადაუჭრელი საკითხების მოგვარების, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა 2012 წელს შემოიღეს რუსეთთან ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე დიალოგის საწარმოებლად. პრემიერის პირველი სპეციალური წარმომადგენელი გახდა დიპლომატი ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ეს პოსტი 2012 წლიდან 2024 წლამდე ეკავა და ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებების „პრაღის ფორმატს“. მოგვიანებით იგი გიორგი ქაჯაიამ შეცვალა, რომელმაც 2026 წლის აგვისტოში აღნიშნული თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
დღეისათვის რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ნარჩუნდება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის დაწყების ერთადერთ პირობად ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ასახელებს, ამასთან რუსეთთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს.
ყველა ახალი ამბავი
0