პრემიერი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო

© photo: Sputnik / Stringerაფეთქება ფონიჭალაში
აფეთქება ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2026
გამოწერა
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სადაც ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო, იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
პრემიერ-მინისტრთან ერთად კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და დედაქალაქის მერი კახა კალაძე იმყოფებოდნენ.
„მოვინახულეთ ბავშვები, რომლებიც ამ კლინიკაში მკურნალობენ. გვიხარია, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათზე ზრუნავენ ექიმები. მადლობა მათ. ბავშვებთან მუშაობენ ფსიქოლოგები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, სრულიად საქართველოს. ამ ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. მადლობა ყველას, ვინც სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, მეხანძრე-მაშველებს, შს მინისტრს, მერიის სამსახურს. მაქსიმუმი გააკეთეს და მადლობა მათ“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში ორი არასრულწლოვანი იმყოფება. კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, 11 წლის ბიჭისა და 3 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ უტარდებათ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები.
"მათი ფიზიკური მდგომარეობა, სასიცოცხლო პარამეტრები, ფსიქონევროლოგიური პარამეტრები ნორმის ფარგლებში გახლავთ. ამ ეტაპზე მათ ჯანმრთელობას საფრთხე ნაკლებად ემუქრება, თუმცა დინამიკური კვლევები და შეფასება მუდმივად მიმდინარეობს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. ამ ეტაპზე ფსიქოლოგები ჩაერთნენ საქმეში", - აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებულ ბავშვებს ინგოროყვას კლინიკაში ყველა საჭირო პროცედურა უტარდებათ. სარჯველაძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„პირველ რიგში, მინდა, თანავუგრძნო გარდაცვლილების ოჯახებს, ახლობლებსა და მთელ საქართველოს. შემსწრე ვართ უზარმაზარი ტრაგედიის. რაც შეეხება ბავშვების მდგომარეობას, ნორმალური და დამაკმაყოფილებელია. კვლავ მიმდინარეობს დაკვირვება, უტარდებათ ყველა საჭირო პროცედურა, უკლებლივ ყველაფერი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არც არავითარი გართულება აღარ გამოვლინდება. შესაბამისად, ახლო მომავალში ისინი ჯანმრთელები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დამწვრობის ცენტრში მკურნალობს აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"უცვლელია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმძიმესია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ინტენსიური მკურნალობის ფონზე, ინარჩუნებს სტაბილურობას", - აღნიშნა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამ პაციენტის გადასარჩენად ყველაფერი კეთდება.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც მძიმეა, თუმცა ყველაფერს აკეთებენ ექიმები მის გადასარჩენად. აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილია, თუმცა ახლა მხოლოდ ამ ყველაფრის გაკეთებაზე, შეიძლება, არ იყოს დამოკიდებული სიცოცხლის გადარჩენა. ვაკვირდებით, უტარდება ყველაფერი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0