ირაკლი ლექვინაძე: საქართველოში საწვავზე ფასნამატი მინიმალურია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტოგასამართი სადგური
ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2026
გამოწერა
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ფასები აბსოლუტურად ზუსტად ასახავს კავშირს საწვავის გლობალურ ბაზარზე არსებულ ვითარებასთან
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში კომპანიების ფასნამატი საწვავზე მინიმალურია, განუცხადა ჟურნალისტებს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.
დღეისათვის ავტოგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 4-დან 4,6 ლარამდე მერყეობს, ხოლო ერთი ლიტრი დიზელის საწვავის - 4,96-დან 5 ლარამდეა.
"ბუნებრივია, ჩვენ ვაკვირდებით კომპანიების ფასნამატებს, ვაკვირდებით მათ კორელაციას იმპორტის თვითღირებულებასთან. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია და ეს შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეულია“, - განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, ის ფასები აბსოლუტურად ასახავს საერთაშორისო ბაზრებთან კორელაციას, რაც წარმოდგენილია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან.
„იმედი გვაქვს, რომ ეს არაპროგნოზირებადი გარემო მალე იქნება უფრო ცხადი იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლონ კომპანიებმა მეტი ალტერნატივის განხილვა მიწოდების ჯაჭვების კუთხით," - განაცხადა ლექვინაძემ.
ბენზინის საშუალო ფასი: GlobalPetrolPrices-ის მონაცემებით, 2026 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი ბენზინის საშუალო მსოფლიო ფასი 1,52 აშშ დოლარს შეადგენს.
2026 წელს საწვავის მსოფლიო ფასები მკვეთრად გაიზარდა, რაც განაპირობა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა დაძაბულობამ და ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებულმა რისკებმა; თუმცა, ნოემბერში ფასების კლება დაიწყო, რაც უკავშირდება მოლოდინს წარმოების აღდგენისა და შესაძლო ჭარბი მიწოდების მხრივ.
როგორ ყალიბდება საწვავის ფასები
საქართველოში საწვავის ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, თურქეთი, ბულგარეთი, ბელგია და აზერბაიჯანი.
საწვავის ფასის ძირითად ნაწილს საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების კოტირებები განსაზღვრავს.
2026 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ნავთობზე მსოფლიო ფასები მაღალ ნიშნულზე რჩება ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო; ნავთობის ბარელის ფასი 100 დოლარს აღემატება. იანვარში კი ეს მაჩვენებელი 65 დოლარზე ნაკლები იყო.
მსოფლიო ფიზიკური ნავთობის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 70–80%) იყიდება არა ფიქსირებული ფასით, არამედ გრძელვადიანი კონტრაქტებით, რომლებიც ითვალისწინებს კონკრეტულ მომწოდებლებთან და რეგიონებთან დაკავშირებულ, ფორმულაზე დაფუძნებულ ფასწარმოქმნას (სააგენტო S&P Global Platts-ის კოტირებების მიხედვით).
ამასთან კოტირებები საშუალოდ მთლიანი ღირებულების 72%-მდე შეადგენს; ამ მაჩვენებლებს ემატება დღგ, აქციზური გადასახადები და კომპანიის საოპერაციო ხარჯები.
ყველა ახალი ამბავი
0