ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას სხვადასხვა ქვეყანაში ეხმაურებიან

© photo: Sputnik / Stringerაფეთქება ფონიჭალაში
აფეთქება ფონიჭალაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2026
გამოწერა
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ექვსი ადამიანი.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების გამო საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებმა სამძიმარი გამოუცხადეს.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს, დილით აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 6 ადამიანი, მათ შორის 2 მცირეწლოვანი. კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებებით 5 ადამიანი გადაიყვანეს.
საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულმა რუსეთის ინტერესთა სექციამ გულწრფელი სამძიმარი გამოთქვა ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო.
„ღრმა მწუხარებით ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების ტკივილს. მთელი გულით ვუსურვებთ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას ამ რთული განსაცდელის გადასატანად. ნათელი ხსოვნა იყოს ყველასი, ვისი სიცოცხლეც ამ ტრაგედიამ შეიწირა“, - ნათქვამია სექციის განცხადებაში.
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოც მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ", – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალის დასახლებაში ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა საქართველოში ჩეხეთის საელჩოაც.
"2026 წლის 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალის რაიონში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს და მათ გვერდით ვდგავართ", – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა საფრანგეთის საელჩომ.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება.
"სოლიდარობას გამოვხატავთ დაშავებულებისა და შემთხვევისას მობილიზებული სამაშველო ჯგუფების მიმართ. თანადგომის ნიშნად, კვირას საფრანგეთის საელჩო ეროვნული გლოვის დღეს შეუერთდება", – აღნიშნულია სამძიმარში.
საქართველოში ისრაელის საელჩო ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას", – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოში სომხეთის საელჩომაც და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს გამოუცხადა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და ადამიანური მსხვერპლის გამო. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ნუგეში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს", – წერს სომხეთის საელჩო სოციალურ ქსელში.
საქართველოში გერმანიის საელჩო ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. საელჩო ასევე მადლობას უხდის მაშველებს ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ. ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ რთულ დროს. განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. თანავუგრძნობთ დაზარალებულთა ახლობლებს და მთელ საქართველოს", – წერს გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0