როგორია ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

© AP Photo / Alessandra Tarantinoრეანიმაციის განყოფილება
რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებში 7 პირს ეძებენ, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. 4 პირი კი კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი - დედა და მისი 11 წლის შვილი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
ქვემო ფონიჭალაში, "უსინათლოთა დასახლებაში" მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში დღეს დილით აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ამჟამად 7 პირის ძებნა მიმდინარეობს, მათ შორის სამი ბავშვია. ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი პირი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი კლინიკაში გადაყვანეს. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი ევაკუირებულია.
ექიმების ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
"ჩვენთან ორი დაზარალებული, დედა-შვილია შემოსული - 38 წლის ქალი და 11 წლის ბიჭი. ბავშვს ქალა-ტვინის, გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება, ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსდა. რაც შეეხება დედას, მას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, სტაბილურად არის და რამდენიმე საათში ბინაზე გაეწერება. ბავშვის მდგომარეობა უფრო მძიმეა, ამიტომ მოვათავსეთ რეანიმაციულ დეპარტამენტში", - განაცხადა კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსმა ანი დალაქიშვილმა.
აფეთქების შედეგად კიდევ ერთი დაშავებული, 31 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, მამაკაცის მდგომარეობა სერიოზულია, მას სხეულის 87%-ის დამწვრობა აღენიშნება.
"ახალგაზრდა მამაკაცის აღენიშნება მთელი სხეულის დამწვრობა, დაახლოებით 87%. ამას ემატება ზემო სასუნთქი, თერმულ-ინჰალაციური გზების დაზიანება და ბაროტრავმა. დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია, ძალიან საშიში დიაგნოზი აქვს. მიმდინარეობს საგანგებო მკურნალობა", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
რაც შეეხება მეოთხე დაშავებულს, ის სავარაუდოდ კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები ის პირია, ვის სახლშიც მოხდა აფეთქება. გავრცელებული ინფორმაციით, მან საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ ღამე გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი მორიგი მცდელობისას აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა.
ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.
როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფმა შსს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა, არსებობს კორპუსის ნგრევის რეალური საფრთხე. დაახლოებით ნახევარი საათის წინ კორპუსის საყრდენი კედელი გადმოიხარა, რის გამოც შენობის წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა, თუმცა უკანა პერიმეტრზე შესაბამისი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულთათვის მობილიზებულია სასტუმროები და საჭიროების შემთხვევაში 90-ვე ოჯახს სასტუმროებში დააბინავებენ.
ყველა ახალი ამბავი
0