აფეთქება ფონიჭალაში: ნანგრევებში მოყოლილია 7 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი

© Sputnik / Alexander Imedashviliშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
რამდენიმე წუთის წინ კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს.
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ფონიჭალაში, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველები სადარბაზოს ნანგრევებისგან ათავისუფლებენ, იუწყება ტელეკომპანია "პირველი".
ქვემო ფონიჭალაში, „უსინათლოთა დასახლებაში“ მდებარე ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დღეს დილით მოხდა. აფეთქების შედეგად კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებიდან მაშველებმა ოთხი პირი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია. ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები. დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ნაწილი უვნებელი გამოიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში 7-მდე ადამიანია მოყოლილი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი იმყოფება.

„ადგილზე მობილიზებულია შსს-ს ყველა დანაყოფი. 4 პირი გამოყვანილია და გადაყვანილია კლინიკებში. სამწუხაროდ, ერთის მდგომარეობა მძიმეა. მიმდინარეობს 7 პირის ძებნა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. მოსახლეობა კორპუსიდან ევაკუირებულია", - განაცხადა თამაზაშვილმა.

რაც შეეხება მძიმე მდგომარეობაში მყოფ პირს, ის 31 წლის მამაკაცია და მას სხეულის 87%-ის დამწვრობა აქვს მიღებული. ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
რამდენიმე წუთის წინ კორპუსის ნგრევის საფრთხის გამო მაშველებმა გაწმენდითი სამუშაოები დროებით შეაჩერეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრებმა საავადმყოფოში გადაყვანამდე განაცხადა, რომ ღამე გაზქურის ანთებას ცდილობდა, დილით კი მორიგი მცდელობისას აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, ბუნებრივი აირი მთელი ღამის განმავლობაში გროვდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვერდით სადარბაზომაც დაიწყო ნგრევა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები, კინოლოგთა ჯგუფი, ასევე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ყველა ახალი ამბავი
0