2,1 მილიონი ავტომობილი: საქართველოს თითქმის ყოველ მეორე მცხოვრებს საკუთარი მანქანა ჰყავს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავტომობილები სანაპიროზე
ავტომობილები სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2026
გამოწერა
2026 წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანაში 129.600 ავტომობილი შემოიყვანეს
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. 2026 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, 3,9-მილიონიანი მოსახლეობის მქონე საქართველოში დაახლოებით 2,1 მილიონი ავტომობილი იყო რეგისტრირებული. აღნიშნულ მონაცემებს TBC Capital-ის ანალიტიკოსები ავრცელებენ.
2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა.
ავტოპარკის ძირითად ნაწილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომელთა წილი 82.6%-ია.
2026 წლის 9 თვეში პირველად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 129.6 ათასი შეადგინა, რაც წლიურად მხოლოდ 1.8%-იანი ზრდაა.
აღსანიშნავია, რომ ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა და 6.9 წელი შეადგინა, ხოლო 0-5 წლის ასაკის ავტომობილების წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო.
TBC Capital-ის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა 3%-ით, ხოლო ელექტრომობილებზე — 4%-ით გაიზარდა. ამავდროულად, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მოთხოვნა 5%-ით, ხოლო დიზელზე მომუშავე ავტომობილებზე — 2%-ით შემცირდა.
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტის ძირითადი წყაროებია შეერთებული შტატები, იაპონია და გერმანია. აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ელექტრომობილების 44% „ტესლას“ (Tesla) მარკის ავტომობილებია.
ანალიტიკოსები მოთხოვნის ამგვარ ცვლილებას საწვავის ფასების ზრდას უკავშირებენ.
ამასთანავე, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტომობილების ჯამური იმპორტი 13%-ით, ხოლო რეექსპორტი — 23%-ით შემცირდა.
„აღნიშნულზე, სავარაუდოდ, გავლენა იქონია შიდა აქციზური გადასახადების ცვლილებამ და რეექსპორტის ძირითად ბაზრებზე ჩინური მწარმოებლების მხრიდან მზარდმა კონკურენციამ“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
ახალი გადასახადები ავტომობილების იმპორტზე
ამჟამად, ექვს წლამდე ასაკის ავტომობილებზე აქციზის განაკვეთი შეადგენს 1,5 ლარს ძრავის მოცულობის ყოველ 1 კუბურ სანტიმეტრზე. ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემთხვევაში, ეს განაკვეთი 4,5 ლარია 1 კუბურ სანტიმეტრზე.
მარჯვნიდან მარცხენა მხარეს საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი სამჯერ აღემატება მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის დადგენილ განაკვეთს.
გარდა ამისა, ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტის აქციზის გადასახადი 60%-ით დაბალია ტრადიციულ საწვავზე მომუშავე ავტომობილებთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0