საქართველოს გზავნილები ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე

© Courtesy of Parliament of Georgiaნიკოლოზ სამხარაძე
ნიკოლოზ სამხარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას ფილიპინების დედაქალაქი მანილა მასპინძლობს
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიო წესრიგი ინგრევა და დიპლომატიის მთავარი ამოცანა წესებზე დაფუძნებული წესრიგის შენარჩუნებაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (AIPA) რიგით 47-ე გენერალური ასამბლეაზე.
ასეანის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (AIPA) არის რეგიონული ორგანო, რომელიც აერთიანებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ეროვნულ პარლამენტებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციისა და ასეანის ფარგლებში ინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. ასამბლეის შემადგენლობაში 11 ქვეყნის პარლამენტები შედიან.
„ჩვენ უკვე შევედით წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის თანდათანობითი რღვევის ეპოქაში, სადაც ძალაუფლების მქონე მსხვილი გეოპოლიტიკური აქტორები სულ უფრო ხშირად უგულებელყოფენ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, რაც სახიფათო პრეცედენტებს ქმნის და საფრთხეს უქმნის მცირე სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ჩვენი ვალია, გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები, რათა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და გავაძლიეროთ დიპლომატიის როლი“, – განაცხადა სამხარაძემ.
პარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, რომ მრავალი შიდა, რეგიონული თუ გლობალური გამოწვევისა და გარკვეული უცხოელი აქტორების ჩარევის მცდელობების მიუხედავად, საქართველომ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება.
„აღნიშნულმა მიღწევებმა საერთაშორისო თანამეგობრობის ფარგლებში განამტკიცა საქართველოს, როგორც წარმატებული, ინოვაციური და სანდო პარტნიორის როლი და კიდევ უფრო გაზარდა ქვეყნის მიმზიდველობა სხვადასხვა ეკონომიკური პროექტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის“, – განაცხადა სამხარაძემ.
სიტყვით გამოსვლის დასასრულს ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურვილია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და შავი ზღვის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავება.
„სწორედ ამ მიზნით მოგმართავთ ინიციატივით, რომ ჩავატაროთ AIPA-სა და PABSEC-ის ერთობლივი კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციები და მათი წევრი სახელმწიფოები განიხილავენ საერთო ინტერესების საკითხებს და შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი კავშირების გაძლიერებას“, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, რომ დაინტერესებულია აზიის რეგიონთან ურთიერთობების გაძლიერებით საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდისა და „შუა დერეფნის" განსავითარებლად.
ყველა ახალი ამბავი
0