ეროვნული ბანკი: ინფლაციური მოლოდინები შედარებით შემცირებულია

© photo: Sputnik / Stringerეროვნული ბანკი
ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვა ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შეფასებებსა და მოლოდინებს ასახავს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
სებ-მა ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის 2026 წლის ოქტომბრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან.
ამასთან, გაიზარდა იმ გამოკითხულთა წილი, რომლებიც მომდევნო ერთწლიან პერიოდში ფასების ზრდას შედარებით დაბალ, 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.
მარეგულირებლის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შორის მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასების ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები წინა თვესთან შედარებით შემცირებულია.
ეროვნული ბანკის ცნობით, ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია სამწლიან პერიოდზეც.
კვლევის თანახმად, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასების ზრდას 4%-6%-ის, 6%-8%-ის ფარგლებში ან 8%-ზე მეტად ელოდებიან. ამასთან, გაიზარდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამწლიან პერიოდში ფასების ცვლილებას შედარებით დაბალ, 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ინტერვალებში ვარაუდობენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციური მოლოდინებისა და ეკონომიკური აქტივობის გამოკითხვა ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა შეფასებებსა და მოლოდინებს ასახავს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ოქტომბერი 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით) 5,9% შეადგინა, მაშინ როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 21,9%-ით, კომუნალურ მომსახურებასა – 10,1%-ით და ჯანდაცვაზე – 8,4%-ით.
როგორც ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ინფლაციის შემცირება და 2027 წლისთვის მისი მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან დაბრუნება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზაციისა და ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების შემცირების შემთხვევაში მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0