საქართველოს მასშტაბით ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხი შეამოწმეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბენზინგასამართი სადგური
ბენზინგასამართი სადგური - Sputnik საქართველო, 1920, 18.11.2026
გამოწერა
დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს მომდევნო წელსაც შეამოწმებს.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ 14-ში გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საავტომობილო საწვავის ხარისხის შემოწმების მიზანი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირება და პრევენციაა.
უწყების ცნობით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით 111 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 ერთეული სინჯი აიღეს და შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადაგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით, კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებს მხოლოდ 14 ნიმუში.
კერძოდ, დიზელის საწვავის 12 სინჯში დაფიქსირდა გოგირდის შემცველობისა და აფეთქების ტემპერატურის შეუსაბამობა კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან, ხოლო ბენზინის 2 ნიმუშში დაფიქსირდა – ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების, ასევე ეთერების მოცულობითი წილის ნორმიდან გადაჭარბება.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1,4 მლნ ლარია. საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება.
უწყების განცხადებით, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე საწვავში ბოლო წლებში არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს მომდევნო წელსაც შეამოწმებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
ექსპერტები თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად საწვავის დაბალ ხარისხს ასახელებენ.
საქართველოს საწვავის ბაზარზე დღეს 5 მსხვილი კომპანია ოპერირებს, რომლებსაც მთელ ქვეყანაში დაახლოებით 500 ავტოგასამართი სადგური ეკუთვნის და ბაზრის 67.3%-ს აკონტროლებს. საწვავის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 60%-ზე მეტი სწორედ 5 მსხვილ კომპანიაზე მოდის. მათ გარდა, არის ასევე ათობით მცირე და საშუალო, ე.წ. არაბრენდირებული კომპანიები, რომლებსაც ჯამში 600-მდე ავტოგასამართი სადგური აქვთ. კომპანიების ნაწილი საწვავს იძენს საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე, ნაწილი პირდაპირ იმპორტს ახორციელებს.
ყველა ახალი ამბავი
0