კალათბურთი: ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

© Georgian Basketball Federation
გამოწერა
დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა 2026 წლის ნოემბერში დაგეგმილი მატჩებისთვის 19 -კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც უშუალოდ მატჩებისთვის საბოლოო, 12-კაციან განაცხადს შეარჩევს.
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
თორნიკე შენგელია, ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი კობახიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ამირან აროშიძე, ვილი ისიანი, რომან ჭინჭარაული, საბა გიგიბერია, მარკის რიდი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, გიორგი ტურძილაძე.
საკალათბურთო კალენდრის სპეციფიკიდან გამომდინარე, შუა სეზონში ეროვნულ გუნდებს NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი და „ორლანდო მეჯიქის“ ცენტრი გოგა ბითაძე დააკლდებიან.
გაფართოებულ შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა. ნაკრებში პირველად უხმეს 17 წლის დავით ტრაპაიძეს და 20 წლის კალათბურთელ ამირან აროშიძეს. ეროვნულ გუნდს უბრუნდება 18 წლის მათე ყავლაშვილიც. შეკრებაზე პირველად ჩამოდის 24 წლის საბა გიგიბერიაც.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.
ეროვნული ნაკრების დაგეგმილი შეხვედრები:
26 ნოემბერი, 2026
მონტენეგრო-ესპანეთი
პორტუგალია-უკრაინა
საბერძნეთი-საქართველო
29 ნოემბერი, 2026
ესპანეთი-საბერძნეთი
უკრაინა-მონტენეგრო
საქართველო-პორტუგალია
26 თებერვალი, 2027
პორტუგალია-ესპანეთი
საბერძნეთი-უკრაინა
მონტენეგრო-საქართველო
1 მარტი, 2027
ესპანეთი-მონტენეგრო
უკრაინა-პორტუგალია
საქართველო-საბერძნეთი.
მსოფლიო ჩემპიონატი 2027
მომავალ მსოფლიო ჩემპიონატს 2027 წლის 27 აგვისტოდან 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.
მასპინძლის სტატუსიდან გამომდინარე, კატარი ამ დროისთვის ერთადერთი გუნდია, ვისაც ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს. ჩემპიონატში სულ 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, კვოტები კი კონტინენტების მიხედვით ასე ნაწილდება:
ევროპა: 12 ადგილი
ამერიკა: 7 ადგილი
აზია-ოკეანეთი: 7 ადგილი
აფრიკა: 5 ადგილი.