ანალიტიკოსებმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდეს

© photo: Sputnik / Stringerღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2026
გამოწერა
2026 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თვიურად 0,9%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც წლიურმა ინფლაციამ 5,9% შეადგინა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა საქართველოში 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი, ოქტომბერში ფასების ზრდის დაჩქარების ფონზე, 5,3%-დან 5,5%-მდე გააუარესა, ნათქვამია კომპანიის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2026 წლის ოქტომბერი 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით) 5,9% შეადგინა, მაშინ როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა ტრანსპორტზე – 21,9%-ით, კომუნალურ მომსახურებასა – 10,1%-ით და ჯანდაცვაზე – 8,4%-ით.
„ინფლაციის ტენდენციის შემობრუნების გათვალისწინებით, 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გავზარდეთ 5,5%-მდე წინა 5,3%-დან, ხოლო 2027 წელს ინფლაციის 3,2%-მდე შენელებას ველით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
როგორც ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, 2026 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები თვიურად 0,9%-ით გაიზარდა და შედეგად წლიურმა ინფლაციამ 5,9% შეადგინა ( მოლოდინზე მაღალი), წინა თვის 5.6%-იანი ინფლაციის შემდეგ.
„ინფლაციის დაჩქარება იმპორტირებული ინფლაციის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა, რომელიც წლიურად 9,4%-მდე გაიზარდა (სექტემბერში 7,8% იყო), ძირითადად ბენზინისა და დიზელის გაძვირების გამო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, ადგილობრივ და შერეულ საქონელზე ფასების ზრდა შენელდა და ორივე შემთხვევაში წლიურად 4,7% შეადგინა (სექტემბერში, შესაბამისად, 4,9% და 4,8%).
საწვავის გამოკლებით, წლიური ინფლაცია ძირითადად სტაბილური დარჩა. თუმცა, ინფლაციის უფრო მდგრადი კომპონენტები ოდნავ დაჩქარდა: საბაზო ინფლაცია (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამოკლებით) 3,5%-დან 3,9%-მდე გაიზარდა, ხოლო მომსახურების ინფლაცია 3,7%-დან 4,0%-მდე.
როგორც ადრე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, საქართველოში ინფლაციის შემცირება და 2027 წლისთვის მისი მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან დაბრუნება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში ვითარების სტაბილიზაციისა და ენერგომატარებლებზე მსოფლიო ფასების შემცირების შემთხვევაში მოხდება.
ყველა ახალი ამბავი
0