5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე: ვოლსკი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, „კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გადაწყვიტა ღიად განაცხადოს, რომ თუ რაიმე დანაშაული იქნა ჩადენილი, ყველა მათგანი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური ძალები, რომელთა საქმიანობასაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, წარმოადგენენ არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულებაში გაერთიანებულ ჯგუფებს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
პოლიტიკოსი ასე გამოეხმაურა ხუთი ოპოზიციური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის მიმდინარე განხილვას. ვოლსკის თქმით, სასამართლო პროცესის მსვლელობამ აჩვენა, რომ ოპოზიცია უარს არ ამბობს იმ ქმედებების გამართლებაზე, რომლებსაც ხელისუფლება დანაშაულებრივად და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართულად აფასებს.
„პირველი დღიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება, ეტყობა კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გადაწყვიტა გამოვიდეს სააშკარაოზე და ილაპარაკოს, რომ თუკი რამე დანაშაული ხდებოდა, ყველაფერი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ იყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მან ასევე დაადანაშაულა ოპოზიციური ძალები სისტემატურ საბოტაჟში, რომელიც, მისი მტკიცებით, კოორდინირებულია, ფინანსდება და პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს.
„ამ პერიოდმა აჩვენა ის, რომ საგარეო მხარდაჭერის მიუხედავად, ინტენსიური, გააფთრებული მხარდაჭერის მიუხედავად, სიმართლე არის ერთი, ჩვენ გვაქვს საქმე არა პოლიტიკურ პარტიებთან, არამედ გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც გაერთიანებულები არიან შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მორიგი, მე-13 სხდომა 16 ნოემბერს განახლდა. მოსმენა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართება.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს შემდეგი პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხს: „ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია — საქართველოსთვის“.
პარტიების აკრძალვის მიზეზად დასახელებულია ხელისუფლების კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობრივი შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა; ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
ყველა ახალი ამბავი
0