საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უცხოელებისთვის ფასები ერთ წელიწადში 71-133%-ით გაიზარდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliგუდაური
გუდაური - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
2026-2027 წლების სეზონზე საქართველოს მთის კურორტებზე საბაგიერობის აბონემენტები ძვირდება - ზამთრის სათხილამურო სეზონი 20 ნოემბრიდან იხსნება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. უცხოელებს 2026–2027 წლების ზამთრის სეზონზე საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სრიალისთვის მეტის გადახდა მოუწევთ: ტურისტებისთვის ერთდღიანი აბონემენტების ღირებულება გასულ სეზონთან შედარებით, როდესაც ყველა ვიზიტორისთვის ერთიანი ტარიფი მოქმედებდა, 71–133%-ით გაიზარდა, ნათქვამია მთის ტრასების სააგენტოს (MTA) მონაცემებში.
წინა ზამთრის სეზონთან შედარებით, სკი-პასების ღირებულება საქართველოს ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე — ბაკურიანში, გუდაურში, მესტიასა და გოდერძიზე გაიზარდა.
ფასების საერთო მატების გარდა, 2026–2027 წლების სეზონზე ტარიფების ახალი სისტემა ამოქმედდა: უცხოელი ტურისტებისთვის საბაგიროთი სარგებლობის ღირებულება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის. ამგვარად, უცხოელი ვიზიტორები არა მხოლოდ საერთო გაძვირებას, არამედ საკუთარი სტატუსის მიხედვით ფასში დამატებით სხვაობასაც წააწყდებიან.
ახალი ტარიფების თანახმად, საქართველოს ზრდასრული მოქალაქეებისა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის ერთდღიანი აბონემენტი ბაკურიანში 55 ლარიდან (21 დოლარი) 75 ლარამდე (28,9 დოლარი) გაძვირდება, ანუ 36,4%-ით; მესტიაში — 50 ლარიდან (19 დოლარი) 70 ლარამდე (27 დოლარი) (+40%); გუდაურში — 70-დან 90 ლარამდე (34,7 დოლარი) (+28,6%); გოდერძიზე კი — 30 ლარიდან (11,5 დოლარი) 50 ლარამდე (+66,7%).
უცხოელი ტურისტებისთვის უფრო მაღალი ტარიფებია გათვალისწინებული. ბაკურიანში უცხოელებისთვის ერთდღიანი სკი-პასი 100 ლარი (38,5 დოლარი), ხოლო 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის — 50 ლარი ეღირება. მესტიაშიც ანალოგიური ფასები იმოქმედებს. გუდაურში უცხოელ ტურისტებს, შესაბამისად, 120 (46,3 დოლარი) და 60 ლარის (23 დოლარი) გადახდა მოუწევთ, გოდერძიზე კი ტარიფები 70 და 35 ლარს (13,5 დოლარი) შეადგენს.
ერთდღიანი ბილეთების გარდა, ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომია მრავალდღიანი და სეზონური აბონემენტები, მათ შორის — მულტიკურორტული, რომელიც ქვეყნის რამდენიმე სამთო-სათხილამურო კურორტის საბაგირო გზებით ერთდროულად სარგებლობის საშუალებას იძლევა. სეზონური აბონემენტის ღირებულება, რომელიც ოთხივე კურორტზე — ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში მოქმედებს, ზრდასრულებისთვის 1 000 ლარს (386 დოლარს), ხოლო 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 500 ლარს (193 დოლარს) შეადგენს. ერთი წლის წინ გუდაურის სეზონური აბონემენტი 650 ლარი (250 დოლარი) ღირდა.
6 წლამდე ბავშვებისთვის საბაგიროთი მგზავრობა უფასო იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0