პრემიერი: გაბედული ნაბიჯები დაგვეხმარა საქართველო გარე საფრთხეებისგან დაგვეცვა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
კობახიძის თქმით, პოლიტიკურ სტაბილურობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება გახდა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრინციპული ნაბიჯი ქვეყნის გარე საფრთხეებისგან დასაცავად და დესტაბილიზაციის მცდელობების აღსაკვეთად, —განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მარტივი ამოცანა არ ყოფილა, თუმცა ხელისუფლებამ სერიოზული პროგრესის მიღწევა შეძლო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიღებული ზომების წყალობით ქვეყანამ თავიდან აიცილა დესტაბილიზაციის მცდელობები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდა.
„დაგვჭირდა გაბედული და თამამი ნაბიჯების გადადგმა, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეცვა გარე საფრთხეებისგან, ამ კუთხით ერთ-ერთი პრინციპული გადადგმული ნაბიჯი იყო „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. მოვახერხეთ და ქვეყანას თავიდან ავარიდეთ დესტაბილიზაციის მცდელობები“, - განაცხადა კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკურ სტაბილურობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის. მისი თქმით, ამის მიღწევა, საზოგადოებისა და ბიზნესსაზოგადოების მხარდაჭერის წყალობით მოხერხდა.
„მოვახერხეთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და ბიზნესის სტაბილური და თანმიმდევრული განვითარებისთვის. ბიზნესთან თანამშრომლობა არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამერიკული FARA-ს ანალოგს უწოდებს, ძალაში 2025 წლის 31 მაისს შევიდა. იგი ითვალისწინებს დადგენილ მოთხოვნებს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების რეგისტრაციას და მიღებულ იქნა ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის მიუხედავად.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოსა და დასავლეთს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. დასავლეთის წარმომადგენლები თვლიან, რომ კანონი არ შეესაბამება დემოკრატიის ნორმებს, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კანონი მხოლოდ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული და ბევრად უფრო რბილია, ვიდრე მისი დასავლური ანალოგები.
კანონი ავალდებულებს უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ნაწილმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით მიმართა ახალი კანონის წინააღმდეგ, მიიჩნიეს რა, რომ იგი ადამიანის უფლებებს არღვევს.
საქართველოს მთავრობამ კონტროლს დაუქვემდებარა საქართველოში უცხოური დაფინანსება და საკუთარ თავზე აიღო უცხოური გრანტების დამტკიცების ფუნქცია. შექმნილი სირთულეების გამო, ქვეყნის არაერთმა წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პრაქტიკულად შეწყვიტა საქმიანობა და დახურა პროექტები, მათ შორის, მოსახლეობის დახმარებისკენ მიმართული პროგრამები.
ყველა ახალი ამბავი
0