პრემიერი: საქართველო 2031–2032 წლებისთვის მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავა

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2026
გამოწერა
კობახიძის თქმით, 2021–2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალი იყო — დაახლოებით 9,5%, რაც, „მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია".
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ფონზე 2031–2032 წლებისთვის საქართველო შეძლებს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადასვლას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე — „ბიზნესგარემო საქართველოში: დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6%, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,8%, 2024 წელს - 9,7%, ხოლო 2025 წელს - 8,4% შეადგინა.
„თუ არსებული ტენდენციებითა და სავალუტო ფონდის პროგნოზით ვიმსჯელებთ, ამ სტატუსს 2031–2032 წლებისთვის მივიღებთ — ასეთია დინამიკა, რომელიც დღეს გვაქვს და რომლის საფუძველზეც ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელია“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, თავისთავად ეკონომიკურ ზრდას ფასი არ აქვს, თუ ის არ აისახება უშუალოდ მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე, ამ მიმართულებით ქვეყანას უკვე აქვს მნიშვნელოვანი შედეგები. კობახიძემ მაგალითად სიღარიბის სტატისტიკა მოიყვანა და აღნიშნა, რომ 2020 წლიდან ეს მაჩვენებელი სამჯერ შემცირდა — 21,3%-დან 7,1%-მდე.
„ამ ყველაფრის საუკეთესო დასტურია საშემოსავლო გადასახადის სტატისტიკაც, რომელიც რამდენჯერმე არის გაზრდილი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები რამდენჯერმე მეტ შემოსავალს იღებენ და ეს, ბუნებრივია, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ამ პერიოდში, 2020 წლის შემდეგ, ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე", - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, 2021–2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ძალიან მაღალი იყო — დაახლოებით 9,5%, რაც, „მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია".
როგორც პრემიერმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება: პირველი ცხრა თვის განმავლობაში ეკონომიკა 7,4%-ით გაიზარდა, რის ფონზეც ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 2026 წლის ზრდის პროგნოზი 5,3%-დან 7,2%-მდე გაზარდა. ფონდის 2026–2031 წლების საშუალოვადიანი შეფასებების თანახმად, საქართველოს მშპ-ის ზრდის საშუალო ტემპი 5,5%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იქნება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პროგნოზებს დაახლოებით ორჯერ გადააჭარბებს.
მისი თქმით, იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი დაახლოებით 18 %-ით გაიზარდა და თითქმის 7 მილიარდ დოლარს მიაღწია, ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ კი 60% შეადგინა, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმის სექტორშიც, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა,შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 4,5%-ით გაიზარდა და 3,8 მილიარდი დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა ფისკალური კონსოლიდაციის წარმატებები: 2025-2026 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 3%-ზე ნაკლებია, მაშინ როცა 2016-2021 წლებში ეს მაჩვენებელი 9%-ს უტოლდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0