წვევამდელებმა სენაკში სამხედრო ფიცი დადეს

© Ministry of Defence of Georgiaფიცის დადება
ფიცის დადება - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის 11 თვით გაწვეულმა მოქალაქეებმა სენაკში, მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე სამხედრო ფიცი დადეს, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ წვევამდელებს ოფიცრის (ლეიტენანტის), სერჟანტის ან უმცროსი სერჟანტის წოდება მიენიჭებათ. სამხედრო სამსახურის პერიოდში ისინი უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე იმსახურებენ, ხოლო ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემთხვევის გამო, ანაზღაურებაზე 30%-იან დანამატს მიიღებენ.
სამხედრო ფიცის მიღებამდე წვევამდელებმა 6-კვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს. პროგრამის ფარგლებში მათ შეისწავლეს კავშირგაბმულობა, საცეცხლე, ტაქტიკური, სამედიცინო, საინჟინრო და სამწყობრო მომზადება, ასევე ტოპოგრაფია.
დღეიდან წვევამდელების ნაწილი სწავლას გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსზე გააგრძელებს, ნაწილი კი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში - ათეულისა და ოცეულის სერჟანტის საკარიერო კურსს გაივლის.
სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ წვევამდელები 31-ე ქვეით ბატალიონში უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე დაბრუნდებიან და 6 თვის ვადით გაწვეულ წვევამდელებთან ერთად ოცეულის მეთაურის თანაშემწის, ოცეულის სერჟანტის თანაშემწის, ათეულის მეთაურისა და საშტაბო პოზიციებზე გააგრძელებენ სამსახურს.
სამხედრო სამსახური
საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას 18–დან 27 წლამდე მამაკაცები ექვემდებარებიან.
ჯარში სამსახურის პოპულარიზაცია თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. განახლებული „თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდა. სიახლეები შეეხო როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.
2025 წლიდან გაწვევა ხორციელდება მხოლოდ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური ანაზღაურებადია, ასევე გათვალისწინებულია შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად ირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე;
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
მანამდე არსებული კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავდა ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებდა.
ყველა ახალი ამბავი
0