სოხაძე: 2028 წლის გაზაფხულისთვის ახალქალაქი-კარწახის გზა სრულად განახლდება

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia რევაზ სოხაძე
რევაზ სოხაძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2026
გამოწერა
მინისტრის თქმით, განახლებული გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასა და რეგიონში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 2028 წლის გაზაფხულისთვის თურქეთთან დამაკავშირებელი ახალქალაქი-კარწახის გზა სრულად განახლდება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოემსახურება როგორც საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობას, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
სოხაძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო და რეგიონის ძირითადი საავტომობილო გზების განახლების გეგმებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ცალკეულ მონაკვეთებზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, გზა სრულყოფილ განახლებას საჭიროებს.
„კარწახის მიმართულებით გზის მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ მონაკვეთებზე სამუშაოები მიმდინარეობდა, პრობლემის სრულად მოსაგვარებლად უკვე ჩავატარეთ ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელიც გზას მთელ სიგრძეზე, მათ შორის ადრე რეაბილიტირებულ მონაკვეთებზეც, განახლებული ტექნოლოგიით მოაწყობს “, – განაცხადა სოხაძემ.
მისი თქმით, განახლებული გზა ხელს შეუწყობს სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასა და რეგიონში გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე ისაუბრა სამცხე-ჯავახეთის ძირითადი საავტომობილო გზების განახლების მიზნით დაგეგმილ მსხვილ შესყიდვაზე, რომელიც ნინოწმინდა-ახალციხისა და ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მიმართულებებს მოიცავს.
„ვამზადებთ მსხვილ შესყიდვას, რომლის ფარგლებშიც სამცხე-ჯავახეთის ძირითადი საავტომობილო მაგისტრალები განახლდება. სრულად მოწესრიგდება ნინოწმინდიდან ახალციხემდე და ნინოწმინდიდან სომხეთის საზღვრამდე გზები. ჩვენი მიზანია, დაახლოებით ორ წელიწადში რეგიონში ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდეს“, – აღნიშნა სოხაძემ.
მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, ახალციხე–ასპინძის გზაზე რამდენიმე მეწყრული მონაკვეთიც დაათვალიერა.
ადგილზე შეფასდა არსებული მდგომარეობა და განიხილეს მეწყრული მონაკვეთების გამაგრებისა და გზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო საინჟინრო ღონისძიებები.
სოხაძის განცხადებით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დაგეგმილია შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენება, რათა აღმოიფხვრას მეწყრული პროცესებით გამოწვეული საფრთხეები და უზრუნველყოფილი იყოს გზის უსაფრთხო და გრძელვადიანი ექსპლუატაცია.
ყველა ახალი ამბავი
0