UFC-ს პრეზიდენტი: აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის ყველა მონაწილე კვლავ დაკავებულია

© Courtesy of Merab "The Machine" Dvalishviliმერაბ დვალიშვილი
მერაბ დვალიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
11 ნოემბერს აბუ-დაბიში, სასტუმროს ფოიეში ინტერვიუს ჩაწერის დროს ქართველ მებრძოლსა და მის მეგობარ საბა ლაზიშვილს რამდენიმე დაღესტნელი მებრძოლი დაესხა თავს.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ეს სრული სისულელე და აბსურდია, ყველა მათგანი კვლავ დაკავებულია, ასე გამოეხმაურა UFC-ს პრეზიდენტი, დანა უაითი აბუ-დაბიში მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე უსმან ნურმაგომედოვის გუნდის თავდასხმას.
11 ნოემბერს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ-დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა საბა ლაზიშვილმა დაზიანებები მიიღეს. ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინციდენტის მონაწილე ათი პირი დაკავებულია, მათ შორის მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი.
უაითმა მომხდარი დაგმო და აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ქმედებები სერიოზულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
"იდიოტების ხროვაა. ეს სრული სისულელე და აბსურდია. ყველა მათგანი კვლავ დაკავებულია. ეს ის ადგილი არ არის, სადაც მსგავსი სისულელეები უნდა აკეთო", – განაცხადა UFC-ს პრეზიდენტმა.
ცოტა ხნის წინ საბა ლაზიშვილის ძმამ, ზვიად ლაზიშვილმა განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. მისი ინფორმაციით, საქმეში საქართველოს საელჩო, RAF-ის წარმომადგენლები და სხვა პირები არიან ჩართული. ზვიად ლაზიშვილი იმედოვნებს, რომ მერაბი და საბა დღეს, 17:00 საათზე გათავისუფლდებიან.
აბუ-დაბის პოლიციის ინფორმაციით, დაპირისპირების შემდეგ სულ 10 ადამიანი დააკავეს – რვა უშუალოდ ჩხუბში მონაწილეობისთვის, ორი კი ინციდენტის გადაღებისთვის.
მომხდარს გამოეხმაურა უსმან ნურმაგომედოვის მენეჯერი ალი აბდელაზიზი, რომელმაც ინციდენტს სამარცხვინო უწოდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოსახლეობას საჯაროდ მოუბოდიშა.
RAF-ის ხელმძღვანელობა ადგილობრივ სამართალდამცავებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებამდე გათავისუფლდება. რა შეეხება უსმან ნურმაგომედოვს, მას ორგანიზაციამ ღონისძიებაზე დასწრება აუკრძალა.
მერაბ დვალიშვილი 14 ნოემბერს აბუ-დაბიში, ეტიჰად არენაზე, ამერიკული თავისუფალი ჭიდაობის ორგანიზაცია Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე მარლონ მორაესს უნდა დაპირისპირებოდა. ტურნირში მონაწილეობა უნდა მიეღო უსმანის ძმას, უმარ ნურმაგომედოვსაც, რომელიც ასევე მონაწილეობდა კონფლიქტში.
ყველა ახალი ამბავი
0