თბილისის და ბათუმის აეროპორტები წელს რეკორდული მაჩვენებლით, 6,7 მლნ მგზავრით ჩახურავენ

© photo: courtesy of Government of Ajaraბათუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი
ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2026
გამოწერა
საქართველოს ავიაბაზარზე სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება, აღნიშნეს TAV Georgia-ში
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. 2026 წელს თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ერთობლივი მგზავრთნაკადი 6,7 მილიონს გადააჭარბებს და 2025 წლის რეკორდს მოხსნის, განაცხადა კომპანია TAV Georgia-მ, რომელიც საქართველოს აეროპორტებს მართავს.
TAV Georgia-ს ორგანიზებით გაიმართა აეროპორტის ოპერირების კომიტეტის სხდომა და საავიაციო სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას TAV Georgia-ს მენეჯმენტი, საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები, აეროპორტის უსაფრთხოების, საბაჟო და საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე ავიაკომპანიების, საწვავის მიმწოდებელი და გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომას ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე ხელმძღვანელობდა.
დღეისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საავიაციო ბაზარზე სტაბილური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.
დღეისთვის არსებული პროგნოზით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წელს 5,4 მილიონი მგზავრით ჩახურავს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1%-იანი ზრდაა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, იქ წლის ბოლომდე 1,3 მილიონიანი მგზავრთნაკადია მოსალოდნელი, რაც დაახლოებით 10%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ორივე აეროპორტის ჯამური მგზავრთნაკადი წლის ბოლომდე 6,7 მილიონს გადააჭარბებს. რეისების მხრივ კი წინასწარი გათვლებით თბილისში 3%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ბათუმში კი 12%-იანი.
წელს გაფართოვდა მიმართულებების არეალიც: თბილისიდან რეისები სრულდება 80 მიმართულებით (62 სამგზავრო და 12 სატვირთო), ხოლო ბათუმიდან 41 მიმართულებით.
2026 წლის განმავლობაში თბილისში დღიურად რეისების რეკორდული რაოდენობა 9 აგვისტოს დაფიქსირდა (206 რეისი), ხოლო მგზავრების მაქსიმალური რაოდენობა 16 აგვისტოს (23.483 მგზავრი). ბათუმში რეისების მხრივ რეკორდული იყო 3 სექტემბერი (118 რეისი), ხოლო მგზავრების რაოდენობის პიკი 13 აგვისტოს (11.005 მგზავრი) დაფიქსირდა.
ტრადიციული შეხვედრის ფარგლებში, TAV Georgia-მ გადაყვანილი მგზავრებისა და შესრულებული რეისების რაოდენობის მიხედვით, სხვადასხვა ავიაკომპანია დააჯილდოვა. შეხვედრა სამუშაო დიალოგისა და სექტორში არსებული სამომავლო გეგმების განხილვით დასრულდა.
თბილისის აეროპორტის გაფართოების მიმდინარე პროექტში TAV Georgia ინვესტიცია 150 მილიონ დოლარს აჭარბებს. მისი დასრულება 2028 წლისთვის არის დაგეგმილი, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა წლიური გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
TAV Georgia საქართველოში ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. კომპანია საქართველოში 2005 წლიდან ოპერირებს და უკვე 20 წელზე მეტია მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 250 მილიონ დოლარს შეადგენს. კომპანია ქართულ ავიაბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
კომპანია თბილისის აეროპორტის გაფართოებაში 150 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს, რის შედეგადაც აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაორმაგდება. პროექტი 2026-2028 წლებში უნდა განხორციელდეს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ თბილისის აეროპორტის გაფართოება იქნება ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო პროექტი ქართული ავიაციის ისტორიაში, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირს, გაზრდის მის ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალს, ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიების ჩამოსვლას და ახალი მიმართულებების გახსნას, შექმნის მყარ საფუძველს საქართველოს მთავარი საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი განვითარებისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0