თბილისი მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

© Government of Georgiaგუდიაშვილის მოედანი თბილისში.
გუდიაშვილის მოედანი თბილისში.  - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
ყოველწლიური ღონისძიების მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაა, განაცხადა კონკურენციის სააგენტოში.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 19-20 ნოემბერს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, იუწყება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტო.
კონფერენცია თბილისში 20-ზე მეტი ქვეყნის 40-ზე მეტ უცხოელ დელეგატს უმასპინძლებს და გააერთიანებს კოლეგა უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, მარეგულირებელი ორგანოების, საჯარო ინსტიტუტების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.
"ყოველწლიური ღონისძიების მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება", - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
"წლევანდელი კონფერენცია საქართველოში კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წლის იუბილეს ეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებასა და პირველი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას", - აღნიშნავენ უწყებაში.
წლების განმავლობაში კონფერენცია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების, პროფესიული დიალოგისა და სფეროს აქტუალურ გამოწვევებზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, უკვე მეხუთე წელია, ღონისძიება საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA), საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
2025 წელს გამართულმა IV საერთაშორისო კონფერენციამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის შესაბამისი უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა.
პროგრამა
კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები.
გახსნით სესიაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე; ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია; საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა; დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა.
კონფერენციის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გაიმართება პანელური დისკუსიები, სადაც მონაწილეები იმსჯელებენ მომხმარებელთა დაცვის გლობალურ ტენდენციებსა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებზე; ფარმაცევტულ და სასურსათო ბაზრებზე კონკურენციასა და ხელმისაწვდომობაზე; კონცენტრაციების კონტროლზე; ონლაინ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებასა და კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის საკითხებზე.
დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის ლიეტუვის, თურქეთის, რუმინეთისა და საუდის არაბეთის უწყებების ხელმძღვანელი პირები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
20 ნოემბერს კონფერენციის ფარგლებში მთავარი მოხსენებებით წარდგებიან ღონისძიების საპატიო სტუმარი ტერესა მორეირა, გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და იოანის ლიანოსი, ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის გლობალური კონკურენციის სამართლისა და საჯარო პოლიტიკის პროფესორი.
20 ნოემბერს პანელური დისკუსიის – "კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის ურთიერთკავშირი: ფასების გამჭვირვალობა და ინფორმირებული არჩევანი სასურსათო და საფინანსო ბაზრებზე" – ფარგლებში გაიმართება eKalata.gov.ge-სა და საბანკო ტარიფების შედარების პორტალის პრეზენტაცია, რომლებსაც GCCA-ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე და საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე წარადგენენ. აღნიშნული პანელის მონაწილეა საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი აბაშიშვილი, Business Insider Georgia-სა და Economic Forum Georgia-ს დამფუძნებელი.
კონფერენცია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ (Paragraph Freedom Square) გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0