კობახიძე: დუბლინის სამიტი საქართველოს ევროპელ ლიდერებთან გასაუბრების შესაძლებლობას აძლევს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2026
გამოწერა
მთავრობის მეთაურის თქმით, მას ექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, შემდეგ კი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან.
თბილისი, 12 ნოემბერი - Sputnik. ქართული მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს დუბლინის სამიტს ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაციისთვის, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეცხრე სამიტი, რომელიც 45-ზე მეტი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, 12-13 ნოემბერს დუბლინში იმართება. წლევანდელი სამიტის თემაა „ევროპა: ძლიერი, უსაფრთხო და დაკავშირებული“. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე გამოვიდა სიტყვით დისკუსიაზე საერთაშორისო და ევროპული ურთიერთობების ინსტიტუტში, სადაც მან ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპულ არქიტექტურაში.
„აქ გაქვს საშუალება, ბევრ ლიდერს გაესაუბრო. ხანდახან ეს საუბრები ხანმოკლეა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ძალიან ღირებული. ეს სამიტი გვაძლევს საშუალებას, მრავალ ლიდერს ვესაუბროთ ევროპის მასშტაბით და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მას ექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, შემდეგ კი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან.
„ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც. უამრავი გამოწვევაა კონტინენტის მასშტაბით, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით. ნარკოტიკები არის ერთ-ერთი აქტუალური თემა. რაც შეეხება მრგვალი მაგიდის ფორმატს, ის ეძღვნება ევროპაში დემოკრატიის მდგომარეობას. ყველა თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ ჩვენს პოზიციას, მათ შორის, ვეცდებით, საქართველოს პერსპექტივიდან დავანახოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს არსებული ვითარება და არსებული ტენდენციები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს როლი არის საკვანძო.
„სამხრეთ კავკასია, და კონკრეტულად საქართველო, რჩება ერთადერთ სახმელეთო კარიბჭედ რეალურად აღმოსავლეთის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ, ამ კუთხით თანამშრომლობისთვის ევროპასთან, ევროკავშირთან და, ბუნებრივია, ამ თემაზეც ვისაუბრებთ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყანაა. თბილისმა კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, მანამდე კი ბრიუსელთან ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა. 2017 წლიდან მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და, ფაქტობრივად, ქვეყნის ევროინტეგრაცია.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი რიგითი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება ამ პირობებს არარეალურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0